1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იარ

იარლიყების "მიკერების" თეორია

ახდენს იმ სოციალური პროცესების ანალიზს, როდესაც გარკვეულ მოქმედებებს, ინდივიდებს ან ჯგუფებს მიაწერენ („აკერებენ“) პოზიტიურ ან ნეგატიურ თავისებურებებს, ანუ სტერეოტიპებს. ამ მიდგომამ გავლენე მოახდინა დევიაციის სოციოოგიაზე. ი.მ. თ–ის კლასიკური დახასიათება ეკუთვნის ჰოვარდ ბეკერს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქმედებები თავისთავად არც ცუდია და არც კარგი: ნორმალურობა და დევიანტობა სხვა არაფერია, თუ არა სოციალურად განსაზღვრული თვისებები. ამდენად, დევიაცია უფრო მეტად არის არა მოქმედების თვისება, არამედ სხვათა მიერ მიწერილი წესები და სანქციები „კრიმინალების“ მიმართ. ი.მ. თ. განავითარა „ჩიკაგოს სკოლამ“ კერძოდ, სიმბოლურმა ინტერაქციონიზმმა. ამ უკანასკნელმა გამოიკვლია ნეგატიური იარლიყების გავლენა ინდივიდთა თვითცნობიერებაზე, განსაკუთრებით, დევიანტური იდენტურობის, დევიანტური კარიერის და დევიანტური სუბკულტურების განვითარებაზე. ვინ ახდენს იარლიყის „მიკერებას“? როგორც წესი, მოქმედების ამა თუ იმ ტიპის კრიმინალიზაცია ხდება მოსამართლეების, მედიის, პოლიციის და სხვა, ე.წ. „სოციალური კონტროლის აგენტების“ მიერ, რაც აქტორებს უბიძგებს იმისაკენ, რომ მოახდინონ მათი ინდივიდუალური აქტივობის კორექტირება და გაიზიარონ დევიანტური სუბკულტურების ღირებულებები, რომელთაც „იარლიყების მიკერების“ პროცესი თავად ქმნის. ამ თეორიას სხვადასხვა კუთხით აკრიტიკებენ. კრიტიკა, ძირითადად, მიმართულია იმისაკენ, რომ იარლიყების „მიკერების“ გავლენას მიენიჭა უკიდურესად დეტერმინაციული ხასიათი და უარყოფილია ინდივიდის წინასწარი ფსიქიკური განწყობის მნიშვნელობა დევიაციის ახსნისას. ეს თეორია ივიწყებს იმასაც, რომ აქტორებს აქვთ მორალური არჩევანის შესაძლებლობა და, ამდენად, თავისუფლება ამა თუ იმ ქცევის დევიანტურად ჩათვლის, მით უფრო, მასში ჩართვის თვალსაზრისით. მატივად, ინდივიდს აქვს უნარი, უარყოს ესა თუ ის იარლიყი და ჩათვალოს, რომ იარლიყის „მიკერება“ სულაც არ არის ავტომატური პროცესი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9