1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
ისკ ისლ ისმ ისტ

ისლამური ფუნდამენტალიზმი

  1. გავრცელებული მოძრაობა ისლამურ ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობაში სეკულარიზებული ხელისუფლებაა. გულისხმობს მმართველობის ისეთ სისტემასთან დაბრუნებას, რომელიც ემყარება ყურანს. თანამედროვე ისტორიაზე ი.ფ-ის პირველი მძლავრი ზეგავლენა 1979 წელს მოხდა, როდესაც ირანში ფუნდამენტალისტებმა ხელისუფლებას ჩამოაცილეს დასავლეთის მიერ აღიარებული შაჰი და იგი დასავლეთისადმი მტრულად განწყობილი მთავრობით შეცვალეს, რომელშიც მუსლიმანი სასულიერო პირები დომინირებდნენ. ი.ფ-ის ტრადიციული დაპირისპირება დასავლეთთან განპირობებულია მათი რწმენით, რომ დასავლური სამყარო ანგრევს ისლამური საზოგადოებისათვის განმსაზღვრელ ღირებულებებს. ფუნდამენტალისტები, პირიქით ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრება შარიათის კანონებზე ააგონ, რაც გულისხმობს ისლამური ნორმებიდან ამოზრდილ იმგვარ პრაქტიკას, როგორიცაა სქესობრივი სეგრეგაცია სამუშაო ადგილებზე, ალკოჰოლის მიღების აკრძალვა და სხვადასხვა დანაშაულისათვის უმკაცრესი ღონისძიებები, მათ შორის კიდურების მოკვეთა. არსებობს ი.ფ-ის შიიტური და სუნიტური ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან რადიკალიზმში. ამჟამად ფუნდამენტალისტები უპირისპირდებიან ალჟირის სეკულარიზებულ მთავრობას და ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს მიმართავენ ეგვიპტეში. ფუნდამენტალისტური პარამილიტარისტული დაჯგუფებები „ჰამაზი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ყოველ ღონეს მიმართავს, რათა არ დაუშვას ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესის პოზიტიური განვითარება.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. islamic fundamentalism
    ფართო გაგებით, ყველა ის მოძრაობა, რომელიც იბრძვის იმისათვის, რათა საზოგადოებრივი ცხოვრება მკაცრად იყოს განსაზღვრული ყურანითა და შარიათის (ისლამური სამართალი) ნორმებით. ხშირ შემთხვევაში ამჯობინებენ, უწოდონ ამ მოძრაობას „ისლამიზმი“, ხოლო იფ–ში გულისხმობენ ისლამიზმის ექსტრემისტულ მიმართულებას, რომელიც ცდილობს, იარაღის ძალით დაამყაროს ისლამური რეჟიმი, „წმინდა ომი“ (ჯიჰადი) გამოუცხადოს „ურწმუნოებს“ (არამუსლიმანებს) და ყოველნაირად წინ აღუდეგს დასავლური, ანუ ევროპულ–ამერიკული, კულტურისა და იდეოლოგის გავლენას ისლამურ სამყაროზე. იფ–ის საფუძველი XIX ს–ში ჩაეყარა, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მან XX ს–ში მიიღო. თავდაპირველად იგი მიმართული იყო იმ რეფორმების წინააღმდეგ, რომლებიც ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში განხორციელდა და ისლამისტების მიერ აღქმულ იქნა ისლამურ საზოგადოებაში დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობად. შემდგომ ისლამიზმმა უფრო ექსტრემისტული და აგრესიული ხასიათი მიიღო ყოველივე დასავლურის მიმართ. საამისოდ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა საბჭოთა კავშირის აგრესიამ ავღანეთში და ზოგიერთი არაბული ქვეყნის ლიდერების ნაციონალისტურ–რელიგიურმა იდეებმა, აგრეთვე 1991 წლის სპარსეთის ყურის ომმა.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  3. E. islamic fundamentalism
    ისლამის საფუძვლებთან დაბრუნებისკენ მიმართული მოძრაობა, ყურანისა და შარიათის კანონების (ისლამური სამართლის) მკაცრი დაცვა. არსებითად, ამ ცნებაში იგულისხმება ის ზრდადი ასოციაციები, მოძრაობები და დაჯგუფებები, რომლებიც მე-19 საუკუნიდან დაწყებული დღემდე ნეგატიურად აღიქვამენ ისლამურ რეფორმისტულ მოძრაობებს, რომლებიც თითქოს მოერგნენ დასავლური ცხოვრების წესსა და მენტალიტეტს.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9