სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ–ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლებს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემას, პრინციპებსა და მექანიზმს, საარჩევნო სისტემის საფუძვლებსა და სხვ. კ. არის ქვეყნის მთლიანი კანონმდებლობის საფუძველი და მას უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს. ჩვეულებრივ, კ. შემუშავებულია პარლამენტის, ან სპეციალური ორგანოს (დამფუძნებელი კრების, საკუნსტიტუციო კომიტეტის, სათათბიროს) მიერ და მტკიცდება პარლამენტის, დამფუძნებელი კრების მიერ ან რეფერენდუმის საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში კ–ს ადგენენ მონარქები. პრეზიდენტები და ისინივე ამტკიცებენ. ასეთ კ–ებს ოქტრირებულს უწოდებენ. შეცვლის საშუალების მიხედვით განასხვავებენ რბილ და მყარ კ–ებს. მეორე, პირველისაგან განსხვავებით, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფრო მკაცრ, განსაკუთრებულ წესებს ითვალისწინებს. ზოგიერთ ქვეყანას საერთოდ არა აქვს კ., როგორც განსაკუთრებული დოკუმენტი (მაგ., დიდ ბრიტანეთს), თუმცა რეალური კონსტიტუციური მოწყობა გამყარებულია სხვა კანონებით.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. constitutionFr. constitutionL. constitutio დადგენა, მოწყობილობა 1. ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონი, რომლითაც უპირველეს ყოვლისა ცხადდება ადამიანისა და მოქალაქის, იურიდიული და ფიზიკური პირების გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები (რწმენისა და აღმსარებლობის, ხელშეკრულების, ინფორმაციის, მანიფესტაციების, შეკრების, აზრისა და სინდისის, სიტყვის, მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის შერჩევის, შრომის, არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება და სხვ.), აგრეთვე, მათი შეზღუდვის საფუძვლები; განისაზღვრება საზოგადოებრივი წყობილების, მმართველობის ფორმის, ტერიტორიული მოწყობის, ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ფორმირების საფუძვლები, ქვეყნის უმაღლესი პირების გადაყენების, უმაღლესი ორგანოს დათხოვნის, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი, სახელმწიფო ენა და ქვეყნის დედაქალაქი;
2. ცოცხალი არსების აგებულება.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]