1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაჩ

მარქსიზმი

  1. ფილოსოფიურ, ეკონომიკურ და სოციალურ–პოლიტიკურ შეხედულებათა სისტემა, რომლის ფუძემდებლები არიან კ. მარქსი და ფ. ენგელსი. მოიცავს ფილოსოფიურ მატერიალიზმსა და დიალექტიკას, ისტორიის მატერიალისტურ გაგებას (საზოგადოებრივი ფორმაციების თეორია), კაპიტალისტური საზოგადოების განვითარებას, ეკონომიკური კანონების დაფუძნებას (ზედმეტი ღირებულების თეორია და ა.შ.), კლასებისა და კლასობრივი ბრძოლის, პროლეტარული რევოლუციის, კომუნისტურ საზოგადოებაზე გადასვლის თეორიას. არსებობს მ–ის სხვადასხვა ინტერპრეტაცია: საბჭოთა მ., ტროცკიზმი, დასავლეთის მ., მესამე სამყაროს მ., ნეომარქსიზმი და ა.შ. მარქსი ცნობილია, როგორც საზოგადოებისადმი სისტემური მიდგომის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. სოციალური სისტემის მისეული მოდელი განიხილება როგორც სოციალურ ურთიერთობათა სისტემა, რომლის საფუძველიც ეკონომიკური ბაზისია, ხოლო მთელი პოლიტიკური და იდეოლოგიური ზედნაშენი ემყარება ძალაუფლებასა და ძალადობას. მარქსი ასევე გვევლინება სოციალურ განვითარებაში კონფლიქტოლოგიური პარადიგმის ერთ–ერთ პიონერად. კონფლიქტის საფუძვლად მას მიაჩნია ანტაგონიზმი. წარმოებით ურთიერთობებსა და საწარმოო ძალებს, წარმოების საზოგადოებრივ ხასიათსა და მითვისების კერძო კაპიტალისტურ ფორმებს შორის, რომლის კლასობრივი გამოხატულებაა კაპიტალისტებსა და პროლეტარებს შორის არსებული ანტაგონიზმი, ხოლო მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს სოციალისტური რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შედეგად. ეს უკვე ნიშნავს პროლეტარიატის გადაქცევას "კლასიდან თავისთავად“ „კლასად თავისთვის“. ე.წ. გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი ნავარაუდები იყო კომუნისტური საზოგადოების, როგორც ახალი საზოგადოებრივ –ეკონომიკური ფორმაციის დამყარება. როგორც ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, მ–ის სუსტ მხარეს წარმოადგენდა სოციალურ–პოლიტიკური და განსაკუთრებით, სოციალურ–კულტურული ფაქტორების საზიანოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ეკონომიკური ფაქტორების ადგილისა და მნიშვნელობის ცალმხრივი გაზვიადება, მხოლოდ მუშათა კლასის როლის აბსოლუტიზაცია სხვა ძალების ჯეროვნად დაუფასებლობის ფონზე; გაძლიერებული აქცენტი სოციალურ–პოლიტიკურ ცვლილებათა ძალისმიერ, რევოლუციურ ფორმებზე; კაპიტალიზმის ისტორიული როლისა და პერსპექტივების, მისი ახალ პირობებთან შეგუების შესაძლებლობების სათანადო შეუფასებლობა, კლასობრივი გაზვიადება, უკიდურესი იდეოლოგიზაცია, განსხვავებულ აზრთან შეუგუებლობა და ა.შ. ზემოაღნიშნულმა – მ–ის მოძღვრების არსის სერიოზულმა დამახინჯებამ იგი მარქსისტულ ლოზუნგებს ამოფარებული ტოტალიტარული რეჟიმების მსხვრევამ, მ. სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანა. მარქსის ნააზრევმა არსებითი გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის მთელ რიგ დასავლურ მიმდინარეობებზე, ეგზისტენციალიზმზე (ჟ. პ. სარტრი), შემეცნების სოციოლოგიაზე, (მ. შელერი), ფრანკფურტის სკოლის სოციალურ ფილოსოფიაზე (მ. ჰორკჰაიმერი, თ. ადორნო, ჰ. მარკუზე, ე. ფრომი, ი. ჰაბერმასი), სტრუქტურულ სოციოლოგიასა და სხვ. ამავე დროს მარქსისტულ თეორიაში მისი კრიტიკოსები ხედავდნენ „ღია საზოგადოების მტერს“ (კ. პოპერი), და მიაჩნდათ რომ მისი თეორიიდან პრაქტიკულად გამომდინარეობს ტოტალიტარიზმი, სადაც უგულებელყოფილია პიროვნების თავისუფლება.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. marxism
    პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეხედულებათა სისტემა [ფუძემდებლები: კ. მარქსი (1818-1883წწ.) ფ. ენგელსთან ერთად (1820- 1895წწ.)], რევოლუციური გარდაქმნების გზით კომუნისტური უკლასო საზოგადოების აშენების შესახებ; პროლეტარული სოციალიზმის პოზიციიდან აკრიტიკებდა კაპიტალისტურ საზოგადოებას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9