1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მნა მნი

მნიშვნელობა

მოქმედების შესახებ თეორიების და საერთოდ, გაგებითი სოციოლოგიის ძირითადი ასპექტი, რომელიც გულისხმობს მიდგომა-დამოკიდებულებებს (ატიტუდებს), განზრახვას, მიზნებს ან მოტივებს, რომლებსაც ინდივიდები უკივშირებენ თავიანთ მოქმედებებს. მ-ის ანალოგიური ცნებაა „საზრისი“. ვებერი განასხვავებს საზრისის ორ მნიშვნელობას: 1. საზრისი, რომელიც რეალურად სუბიექტურად ნავარაუდევია მოქმედი პირის მიერ მოცემულ სიტუაციაში; 2. საზრისის თეორიულად კონსტრუირებული „წმინდა“ ტიპი, რომელიც სუბიექტურად ნავარაუდევია ჰიპოტეზური მოქმედი პირის მიერ მოცემულ სიტუაციაში. ეს უკანასკნელი არ გულისხმობს მოქმედების ობიექტურად „სწორ“ ან „ჭეშმარიტ“ მნიშვნელობას, არამედ ისეთი იდეალური კონსტრუქციაა, რომელიც აგებულია ემპირიული სინამდვილის მახასიათებლებისაგან და გამოიყენება შემეცნებითი მიზნებისათვის, რათა განისაზღვროს რეალური მოვლენის დევიაციის ხარისხი. მოქმედება შეიძლება ატარებდეს როგორც რაციონალურ, ისე ემოციურ (არარაციონალურ) საზრისს. მაშასადამე, საზღვარი გასაზრისიანებელ და უსაზღვრო მოქმედებებს შორის არ გადის რაციონალურსა და არარაციონალურს შორის. უსაზღვრო მოქმედება არა უბრალოდ არარაციონალური, არამედ, პირველ რიგში, ირაციონალურია. ნებისმიერი ირაციონალური მოქმედება არარაციონალურია, მაგრამ არა პირიქით – არარაციონალური მოქმედება შეიძლება საზრისის მქონე იყოს. ასეთია სწორედ ტრადიციული და აფექტური მოქმედებები. თუმცა, არარაციონალური საზრისის მქონე მოქმედება „რისკის“ შემცველია – მან შეიძლება დაკარგოს საზრისი და იქცეს ირაციონალურად (ე.ი. უსაზრისოთ). ასე ემართება ტრადიციულ და აფექტურ მოქმედებებს მაშინ, როდესაც ისინი იქცევა „ავტომატურ რეაქციებად“ გარე გამღიზიანებელზე. შესაბამისად, ასეთი ქცევები წყვეტს არსებობას როგორც სოციალური ხდომილებები და გადადის ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური მოვლენების სფეროში.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9