1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეტ

ნეომარქსიზმი

არაერთგვაროვანი ფილოსოფიური, იდეოლოგიური და პრაქტიკულ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლიც აგრძელებს მარქსისა და ენგელსის მოძღვრებას. ნ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყალიბდება. აკრიტიკებს რა ლენინიზმს და მის პრაქტიკულ რეალიზაციას, ნ. ცდილობს მოახდინოს მარქსის შრომების ახლებური ინტერპრეტაცია. ნ-ის ყურადღების ცენტრშია ადამიანის გაუცხოებისა და იმ პირობების მოხსნა, რომელიც გვიანკაპიტალისტურმა საზოგადოებამ (spetkapitalismus) შექმნა (ძირითადი თემაა დამოკიდებულება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებს, მდიდარ ინდუსტრიულ ქვეყნებსა და მესამე სამყაროს ღარიბ ქვეყნებს შორის). ნ-ის თეორეტიკოსები პოლიტიკურად ახლოს დგანან ახალ მემარცხენეებთან. ნ-სტული მიმდინარეობა წარმოდგენილია დიორ ლუკაჩის, ჰერბერტ მარკუზეს, მაქს ჰორკჰაიმერის, თეოდორ ადორნოს, ერიხ ფრომის, იურგენ ჰაბერმასის, ერნსტ ბლოხის ნააზრევის სახით. ნ. XX ს-ის ოციან წლებში გაჩნდა ჰეგელიანური მარქსიზმის იმ ვერსიის ნიშნის ქვეშ, რომელიც დაკავშირებულია დ. ლუკაჩთან და კ. კორშასთან. აღნიშნული ვერსიის ყურადღების ცენტრში პროლეტარიატის მიერ თავისი მისიისა და ისტორიის „ობიექტური ჭეშმარიტების“ რეალიზების პოლიტიკური და სულიერი წანამძღვრები იყო. 30-40-იან წლებში პირველ პლანზე გამოდის ფრანკფურტის სკოლასთან დაკავშირებული ჰეგელიანური მარქსიზმის სხვა ვერსია. მისი თეორეტიკოსები (მ. ჰორკჰაიმერი, თ. ადორნო) ეჭვქვეშ აყენებენ პროლეტარიატის პოტენციურ უნარს კრიტიკული, არაფეტიშური თვითშეგნების მოპოვების შესახებ. 50-60-იან წლებში ავანსცენაზე „ინდივიდუალისტური მარქსიზმის“ სხვადასხვა მიმდინარეობები ჩნდება: ფროიდო-მარქსიზმი (ე. ფრომი, გ. მარკუზე), ეგზისტენციალური მარქსიზმი (მ. მერლო-პონტი, ჟ.პ. სარტრი), ფენომენოლოგიური მარქსიზმი (ე. პაჩი, პ. პიჩონე). მათ ამოცანას ადამიანის განთავისუფლების პოტენციალის ძიება შეადგენდა, რომლის პოვნასაც ისინი ისეთი ადამიანის სუბიექტურობის სიღრმეში ცდილობდნენ, რომელიც სოციალურობის შედეგად გაუპიროვნებას არ განიცდიდა. 60-იანი წლებიდან სტრუქტურული მარქსიზმი განვითარდა (ლ. ალტიუსერი, მ. გოდელიე, პოლიტიკური თეორიის სფეროში ნ. პულანცასი). მისი პათოსი „ისტორიის ობიექტური ჭეშმარიტების“ უფლებებში აღდგენაა, რომელიც მან სუბიექტივისტური მიმდინარეობების შედეგად დაკარგა. ინგლისურენოვან ქვეყნებში ნ. სოციოლოგიისა და პოლიტეკონომიის სფეროში განსაკუთრებული ტენდენციის სახით ვითარდება, რომელსაც ანტიპოზიტივისტური მიმართულება აქვს (ჩ.რ. მილსი, ა. გოულდნერი, პ. ბარანი, პ. სუიზი და სხვ.). თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ნ. უპირატესად მემარცხენე და მემარცხენე-ლიბერალურ, უპირველესყოვლისა, საუნივერსიტეტო ინტელიგენციაში ვრცელდებოდა. მისი რეალურ პოლიტიკაში გამოვლენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის მინიმალური იყო. თვით ნ.-ის თეორეტიკოსების აღიარებით, პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიისა და ტაქტიკის გამომუშავება ყოველთვის იყო და რჩება მის სისუტედ. დ. ლუკაჩის (1885-1971) თანახმად, სოციალიზმის ისტორიულად აუცილებელი გამოჩენა ასპარეზზე კაპიტალიზმის თვითუარყოფის დიალექტიკური მოძრაობის შედეგია. კაპიტალისტური წარმოების წესი იწვევს იმას, რომ ადამიანთა შორის დამოკიდებულება ემსგავსება საგანთან დამოკიდებულებას (გასაგნება). საქონელი იქცა საერთო საზოგადოებრივ უნივერსალურ კატეგორიად. ეს პროცესი პროლეტარიატის რევოლუციურ-კლასობრივი ცნობიერების გადატრიალებას იწვევს, რამაც შესაძლოა კაპიტალიზმის „გამასაგნებელი“ სტრუქტურა რევოლუციური მოქმედებით დაძლიოს. ნ-ის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფოსების (ადორნო, ფრომი, ჰორკჰაიმერი, მარკუზე) კრიტიკულ თეორიას. შრომაში „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947) ადორნო და ჰორკჰაიმერი მიუთითებდნენ თანამედროვე კაპიტალიზმის წინააღმდეგობაზე და ცდილობდნენ მარქსიზმზე ორიენტირებული კრიტიკულ-დიალექტიკური პერსპექტივის დაფუძნებას. ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლების უმრავლესობა ასევე უარყოფს კაპიტალისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ წმინდა ტექნიკურ-მიზანრაციონალურ აზროვნებას, ინსტრუმენტულ გონებას და აქედან გამომდინარე საბჭოთა მარქსიზმის თეორიასა და პრაქტიკას. ე. ბლოხი ხაზს უსვამდა მარქსისტული აზროვნების მომავალზე მიმართულ ასპექტს და აგებდა „მომავლის პრინციპზე“ დაფუძნებულ ყოვლისმომცველ ფილოსოფიას. ბლოხის თანახმად, უტოპიური აზროვნება არსებითია ადამიანისათვის და იგი სოციალურ უტოპიაშია წარმოდგენილი. ი. ჰაბერმასი ეხება კრიტიკული თეორიის და მარქსიზმის შემეცნებით და მეცნიერულ-თეორიულ დასკვნებს. ბურჟუაზიული საზოგადოების რეპროდუქცია როგორც ადრე, ასევე ახლაც ლატენტურად შეიცავს მასალას კრიზისისათვის და მას საზოგადოებრივად წარმოებული სიმდიდრის მითვისების ასიმეტრია ახასიათებს. საზოგადოებრივი ინტერესები შეიძლება ლეგიტიმური იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი გადამოწმდებიან „პრაქტიკული დისკურსით“. საჯაროობის პრინციპი, როგორც ბატონობისაგან თავისუფალ სივრცეში ინტერესთა კონფლიქტის კომუნიკაციური განხორციელება-გატარების გამჭვირვალობის პირობა, თანამედროვე კაპიტალიზმში შეუძლებელია. ნეომარქსისტ მოაზროვნეებს შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე ფრანგი და იტალიელი მოაზროვნეები: ჰ. ლეფევრი, რ. გარაუდი, მ. მერლო-პონტი, ჟ.პ. სარტრი, ლ. ალთიუსერი, გალვანო დელა ვოლპე, ჩეზარე ლუპორინი, ჩეხი ფილოსოფოსი კ. კოზიკი, რ. კალივოდა, იუგოსლავიელი მოაზროვნეები გ. პეტოვიჩი, მ. მარკოვიჩი, ს. სტოიანოვიჩი, პოლონელი ლ. კოლაკოვსკი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9