1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ომბ ომი ომო ომუ

ომის წარმოების აკრძალული საშუალებები

E. Prohibited means of warfare
ის საშუალებები, რომელთა გამოყენება აჯკრძალულია ომის კანონებითა და ჩვეულებებით, ასევე დაუშვებლად არის მიჩნეული საერთაშორისო სამართლით და განიხილება როგორც ისეთი ომის დანაშაულობანი ან მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობანი, რომლებიც ექვემდებარებიან იურიდიულ პასუხისმგებლობას (იხ. საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა). საერთაშორისო სამართალი კრძალავს ომის წარმოების ისეთ საშუალებათა გამოყენებას, რომლებიც ზედმეტად ტანჯავენ მტრის ცოცხალ ძალას, გაუმართლებელ ზიანს აყენებენ მის მშვიდობიან მოსახლეობასა და მატერიალურ საშუალებებს. XIX საუკუნიდან მოყოლებული, აკრძალულია ომის დროს ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადამიანის სხეულთან შეხებისას ფეთქდებიან, წვავენ მის სხეულს ან ადამიანს ზედმეტ ტანჯვას აყენებენ 1868 წელს და მომდევნო ხანებში მიღებულ იქნა მრავალი სამართლებრივი აქტი განსაზღვრულ საბოლოო იარაღთა ან საბრძოლო მოქმედების წარმოების საშუალებათა აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ.აქტთა რიცხვს განეკუთვნება: სანქტ-პეტერბურგის 1868 წლის დეკლარაცია ,,ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი ტყვიების გამოყენების აკრძალვის შესახებ,“ რომლითაც აიკრძალა ადამიანის სხეულში ადვილად ბრუნვადი და კუმშვადი ტყვიები - ე. წ. ,,დუმ-დუმ“ ტყვიები; ჰააგის 1899 წლის დეკლარაციები ,,ადვილად ბრუნვადი და კუმშვადი ტყვიების გამოუყენებლობის შესახებ“ და ,,საწამლავი და მოწამლული იარაღის გამოყენება აკრძალვის შესახებ;“ ჰააგის 1907 წლის დეკლარაცია, ,,მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა მსგავსი აირების გამოყენების აკრძალვის შესახებ“ (იხ. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები); ჟენევის 1925 წლის ,,ოქმი ომის დროს მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა მსგავსი აირებისა და ბაქტერიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების აკრძალვის შესახებ“; საერთაშორისო აქტებით აკრძალულია აგრეთვე: მცურავი ნაღმების დაყენება, თუ მათ არა აქვთ თვითგაუვნებლობის უნარი იმ პერიოდიდან, რაც კონტროლს აღარ დაექვემდებარებიან: ღუზაზე დამაგრებული ნაღმის დაყენება, თუ იგი მოწყდომისათვის უსაფრთხო არ ხდება, და ისეთი ტორპედოების დამოყენება, რომლებიც, თუ მიზანს ასცდა, ავტომატურად არ ხდება უსაფრთხო ჟენევის 1949 წლის კონვენციებსა და 1977 წლის მათსავე დამატებით ოქმებში მითითებულია, რომ ,,მეომარი მხარისათვის ზიანის მიყენების საშუალებათა არჩევანის უფლება არ არის შეუზღუდავი“. ჟენევის 1949 წლის კონვენციების 1977 წლის I დამატებითი ოქმის მიხედვით (51-ე მუხ., მე-4 პუნქ.), აკრძალულია სამხედრო იერიშის მიტანა იმ იარაღითა და საბრძოლო მასალით, რომლებიც საერთაშორისო სამართალში განურჩეველი მოქმედების მქონედ ითვლებიან და რომლებიც განურჩევლად ანადგურებენ სამხედრო თუ სამოქალაქო ობიექტებს, სამოქალაქო მოსახლეობას. იმავე პირველი დამატებითი ოქმით (55.2-ე მუხ.) აკრძალულია ისეთი იარაღისა და ჭურვების გამოყენება, რომლებიც ,,თავიანთი ბუნებით ჭარბი ტანჯვის გამომწვევია“. 1980 წლის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები ზღუდავენ მხარეთა მიერ თანამედროვე ტექნიკის ჭარბად გამოყენებას, ამავე კონვენციამ დასაშვებად მიიჩნია დამატებითი ოქმების შემუშავების, მათში ცვლილებათა და შესწორებათა შეტანის პროცესი, რითაც შესაძლებელი გახდა ახალი აკრძალვებისა თუ შეზღუდვების დაწესება, ცხადია, დროის მოთხოვნების შესაბამისად. ამიტომ ეს მიმართულება შესაძლოა, დიდად სასარგებლო პროცესად იქცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განვითარებაში 1980 წლის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დებულებათა თანახმად, მხარეებს ეკისრებათ, ,,ახალი სახეობების იარაღის, ომის წარმოების საშუალებებისა და მეთოდების შესწავლის, შემუშავების, შეძენის ან შეარაღებაში შეტანის დროს განსაზღვრონ, ხომ არ ეწინააღმდეგება მათი გამოყენება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ხოხლო თუ ეწინააღმდეგება, უზრუნველყონ, რომ ასე არ იყოს“. 1980 წელს ვენაში გამართული კონფერენციის პირველსავე სესიაზე მიუღებელ იქნა 1980 წლის კონვენციის ახალი, მეოთხე ,,ოქმი დამაბრმავებელი ლაზერული იარაღის შესახებ“. ამ ოქმით (1-ლი მუხ.) აიკრძალა საბრძოლო მოქმედებათა დროს ისეთი ლაზერული იარაღის გამოყენება, რომელიც სპეციალურად არის გათვალისწინებული ოპტიკური მოწყობილობით დაუცველ ადამიანთა სამუდამოდ დაბრმავებისათვის, ამასთან, აიკრძალა ასეთი იარაღის გადაცემა სხვა სახელმწიფოსათვის თუ არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ნაღმების (მცურავი ნაღმების გარდა) გამოყენების შეზღუდვის საკითხი 1980 წლის კონვენციის II ოქმით ნაწილობრივ დარეგულირდა, ამ ოქმში შესწორებები შემდგომშიც იქნა შეტანილი (მაგ.: ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, უბირთვო ზონები, საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაცია, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური აკრძალვა, მასობრივი მოსპობის იარაღის ახალი სახეების აკრძალვა, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შემცირება, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვა და შემცირება).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9