1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტიკური იდეალიზმი

ზოგჯერ უწოდებენ, აგრეთვე, „პოლიტიკურ უტოპიზმს“, „პოლიტიკურ რაციონალიზმს“ ან „პოლიტიკურ ლიბერალიზმს“. საერთაშორისო ურთიერთობათა: მეცნიერებაში იგი არის ერთ-ერთი თეორია, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობებში განმსაზღვრელი ფაქტორებია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო მორალი, ინტერესების თანხვედრა, ჰარმონიზაცია და ა.შ. აღნიშნული ფაქტორები საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებისას დომინირებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ძალა, ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებელი მოქმედება და სხვ. პ. ი-ის მიხედვით, ადამიანი ბუნებით კეთილი და მშვიდობისმოყვარეა და, ამდენად, აგრესია, ძალადობა და უსამართლობა ალოგიკური და ანომალიური მოვლენებია; „კარგი მთავრობების“, სრულყოფილი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციების პირობებში საყოველთაო მშვიდობა და ურთიერთხელსაყრელი და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები გარანტირებულია. პ. ი-ის თეორეტიკოსთა და მიმდევართა აზრით, საყოველთაო განიარაღება გამორიცხავს ომის საშიშროებას, ხოლო განათლებული, შეგნებული და მაღალი ზნეობის მქონე ადამიანების მოსვლა სახელმწიფო მმართველობაში უტყუარი პირობაა მოსახლეობის კეთილდღეობისათვის; საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივა მსოფლიო მთავრობის შექმნაა, რაც თავისთავად ყველა საერთაშორისო პრობლემას გადაჭრის, რადგან მთელ მსოფლიოს ერთი ხელისუფლება ეყოლება. პ. ი. განსაკუთრებით პოპულარული იყო XX ს-ის 20-30-იან წლებში. ამის ნიმუშად გამოდგება აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო უილსონის „14 პუნქტი“ და ერთა ლიგის შექმნის იდეა. პირველი მსოფლიო ომი უილსონს უკანასკნელ ომად მიაჩნდა კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო ერთა ლიგა - მომავალი მსოფლიოს მთავრობის მოდელად. პ. ი-ის მაგალითია, აგრეთვე, ბრაიან - კელოგის პაქტი და XX ს-ის 20-იან წლებში მიმდინარე კამპანია საყოველთაო განიარაღებისათვის. საერთაშორისო ურთიერთობებში 30-იან წლებში მომხდარმა მოვლენებმა (ნაციზმის გამარჯვება გერმანიაში, ფაშიზმისა – იტალიაში, იაპონიის მილიტარიზაცია, საბჭოთა კავშირში ბოლშევიზმის განმტკიცება და ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის აგრესიული და ექსპანსიური კურსი) საფუძველი გამოაცალა პ. ი-ის თეორიას. მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომი მსოფლიოს ბიპოლარიზაციამ ამ თეორიის მიმდევართა რიცხვი მკვეთრად შეამცირა და საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერებაში გაბატონებული ადგილი პოლიტიკური რეალიზმის თეორიამ დაიკავა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9