1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საგარეო პოლიტიკა

სახელმწიფოს მხრიდან სხვა სახელმწიფოებთან ქმედებებისა და უკუქმედებების ერთობლიობა, რომელიც შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პროცესების გავლენით ყალიბდება. ს.პ-ზე გავლენას ახდენს ისეთი შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორები, როგორიცაა ტერიტორიის სიდიდე, სარესურსო ბაზა, ეკონომიკის განვითარების დონე, დემოგრაფიული ვითარება, იდეოლოგია და სხვა. ს.პ-ს უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები უნდა განსაზღვრავდეს (იხ. მაღალი პოლიტიკა). ს.პ., იდეალურ შემთხვევაში, სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და რაციონალურ გათვლებს ეყრდნობა. მის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა და აღასრულებს საგარეო საქმეთა უწყება. ს.პ-ის რუტინული ამოცანების გადაწყვეტა ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობით ხდება (იხ. დაბალი პოლიტიკა). ს.პ-ის მიზნების შესასრულებლად სახელმწიფოს დიპლომატიური საშუალებების გარდა სამხედრო, ეკონომიკური და იდეოლოგიური ინსტრუმენტებიც აქვს (იხ. საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები). საერთაშორისო პოლიტიკისაგან განსხვავებით, რომელიც მოიცავს ყველა მონაწილის ურთიერთმოქმედების საერთო სურათს, ს.პ. განიხილება როგორც ერთი სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სხვა სუბიექტის მიმართ. ს.პ. მჭიდროდ უკავშირდება საშინაო პოლიტიკას. მკვლევართა ნაწილი იმ აზრისაა, რომ ს.პ. საშინაო პოლიტიკით განისაზღვრება და მისი გაგრძელებაა საერთაშორისო არენაზე. კერძოდ, მარქსისტების აზრით, როგორიცაა საზოგადოებრივი წყობა, ეკონომიკა, იდეოლოგია და ა.შ., ისეთივეა სახელმწიფოს ს.პ. ნეორეალისტების აზრით, პირიქით, სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკა განპირობებულია საერთაშორისო მდგომარეობით და, ამდენად, იგი ს.პ-ს ემორჩილება. არსებობს მესამე თვალსაზრისიც, რომლის მიმდევრები ფიქრობენ რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მიუხედავად მჭიდრო ურთიერთკავშირისა, ავტონომიური სფეროებია და ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური მიზნები, რომელთა დასაცავად იგი მზადაა მიიღოს უკიდურესი ზომები. გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზნები, რომლებიც, წესისამებრ, დროის ჩარჩოებით განისაზღვრება (გრძელვადიანი, მოკლევადიანი). საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით, სახელმწიფოები შეიძლება იყოს ნეიტრალური, მიუმხრობელი (ნეიტრალისტური), იზოლირებული (მაგ., იაპონია XVII-XVIIIსს.), ბლოკური (სამხედრო ბლოკების წევრი) და ა.შ. საგარეო პოლიტიკური ორგანოების ნაწილი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ იმყოფება (დიპლომატიური წარმომადგენლობები, მისიები და ა.შ.), ქვეყნის შიგნით კი ამ ფუნქციებს ძირითადად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ზოგიერთი სხვა სამთავრობო უწყება ასრულებს. საგარეო პოლიტიკური ფუნქციები აკისრია აგრეთვე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და კომისიებს. უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, წესისამებრ, სახელმწიფოს მეთაურის დონეზე ხდება. ზოგჯერ ს.პ-ის სინონიმად იხმარება ტერმინი დიპლომატია, თუმცა ეს ცნებები იდენტური არ არის, დიპლომატიას უფრო ვიწრო მნიშვნელობა აქვს და ს.პ-ის წარმართვის ხერხებისა და მანევრირების ხელოვნებას გულისხმობს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9