ტერმინი გამოიყენება დაპირისპირებული შეიარაღებული ძალების, ან მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ, სამხედრო მოქმედებების დროს, ომის წარმოების კანონებისა და ტრადიციების დარღვევების აღსანიშნავად. რიგმა კონვენციამ (მათ შორისაა 1949 წლის ჟენევის 4 კონვენცია) ომის წარმოების წესებში ჩართეს მუხლები, რომლებიც დანაშაულობათა ფართო წრეს მოიცავს და ბევრი მათგანი “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს” განეკუთვნება. ომის წარმოების წესები ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ ომის საშინელებათა შესამცირებლად შეიქმნა შემდეგი მიზნებით: \ 1. მებრძოლთა და დანებებულთა ტანჯვის თავიდან აცილება; \ 2. მტრის ხელში ჩავარდნილი ადამიანების გარკვეულ ძირითად უფლებათა დაცვა (სამხედრო ტყვეები, დაჭრილები, ავადმყოფები, სამოქალაქო პირები); \ 3. მშვიდობის აღდგენაში დახმარება; \ გაეროს გენერალური ასამბლეის 1968 წლის 19 დეკემბრის 2444-ე რეზოლუციამ, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, შემდეგი პრინციპები დაამკვიდრა: \ 1. კონფლიქტში მონაწილე მხარეთა უფლება ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს უსაზღვრო არაა; \ 2. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობისათვის დარტყმების მიყენება; \ 3. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილენი და სამოქალაქო მოსახლეობა ნებისმიერ დროს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ამ უკანასკნელის მაქსიმალური დანდობის მიზნით.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ