1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სანქციები და კონტრზომები

E. Sanctions and Countermeasures
სახელმწიფოს ან სახელმწიფოების (საერთაშორისო ორგანიზაციების) მიერ იძულებითი ზომების გამოყენება საერთაშორისო სამართლის დამრღვევი სახელმწიფოს თუ ქვეყნის შიგნით მებრძოლი ძალების მიმართ, მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესაწყვეტად. მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭომ არაერთგზის მიმართ ეკონომიკურ სანქციებსა და ემბარგოს, როგორც იძულების მეთოდს, როდესაც მშვიდობას საფრთხე დაემუქრა, ხოლო დიპლომატიურმა ძალისხმევამ მარცხი განიცადა. სანქციები იქნა სემოღებული 1977 წელს სამხრეთ აფრიკის აპარტეიდული რეჟიმის წინააღმდეგ, რის შედეგადაც 1994 წელს ეს რეჟიმი დაემხო. ბოლო ხანებში სანქციები დაეკისრა ერაყს, ყოფილ იუგოსლავიას, ლიბიას, ჰაიტის, ლიბერიას, რუანდას, სომალის, სუდანს, სიერა-ლეონეს, ოპოზიციის ძალებს ანგოლაში. ეკონომიკური სანქციები სხვადასხვა ფორმით ხორციელდება, იქნება ეს ამა თუ იმ პროდუქციაზე ვაჭრობის აკრძალვა, თუ სრული ემბარგო. სანქციების გამოყენება ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე, რათა უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილი პირობები შესრულებულ იქნეს შეიარაღებული ძალის გამოყენების გარეშე. გაეროს უნივერსალური ხასიათი მას ხდის განსაკუთრებით შესაფერის ორგანოდ ასეთი ზომების გამოყენებისა და მათზე მეთვალყურეობის გაწევისათვის. ამ შემთხვევაში ითვალისწინებენ აგრეთვე იმ არასასურველ შედეგებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ასეთ სანქციებს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისათვის, როდესაც შეიარაღებული ძალის გამოუყენებლობას სათანადო შედეგი არ მოჰყვება, მიმართავენ შეიარაღებული ძალის გამოყენებას. მაგალითად, გაეროს დავალებით, ერაყის მიმართ, რომელმაც 1990 წელს ქუვეითის ოკუპაცია მოახდინა, აშშ-ის მეთაურობით, სახელმწიფო კოალიციამ მომდევნო წელს იერიში მიიტანა ერაყის ჯარზე (1991) და განდევნა იგი ქუვეითიდან. ასევე გაეროს დავალებით, ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს საჰაერო და საზღვაო ძალები იუგოსლავიის მიმართ ეკონომიკური სანქციების (ემბარგოს) გასატარებლად სერბი სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ბოსნიაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (1992 - 1996). \nიძულება ყოველთვის იყო საერთაშორისო სამართლის პრობლემა. სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ რადგან არ არსებობს ცენტრალიზებული იძულება, არ არსებობს ამგვარი სამართლის იურიდიული ხასიათიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებას თავისი მომხრეები ჰყავს, საერთაშორისო სამართალში იძულებით ზომებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ იძულებას აქ მაინც არ გააჩნია ის დომინირებული ადგილი, რომელსაც მას ზოგიერთი იურისტი ანიჭებს. ასევე არასწორად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ საერთაშორისო სამართალში იძულებითი ზომები გადამწყვეტ როლს ასრულებენ, მაშინ როდესაც ძირითადი როლი ზოგადსოციალურ ფაქტორებს ეკუთვნის. უმეტეს შემთხვევაში სამართლის ნორმები ნებაყოფილობით, ყოველგვარი იძულების გარეშე სრულდება. მისი ძირითადი ნიშანია მართლზომიერება. იძულება უნდა იყოს მართლზომიერი როგორც თავისი საფუძვლითა და მიზნით, ისე მეთოდებითა და მოცულობით. მართლზომიერება განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ძირითად ამოცანებთან და პრინციპებთან შესაბამისობით. საერთაშორისო სამართლის დოქტრინაში ზოგჯერ იგულისხმება იძულების ზომები რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ იძულებით ზომებს, კონტრზომებს უწოდებენ. ეს ტერმინოლოგია აისახა საერთაშორისო სამართალში სანქციათა გამოყენების ყველაზე ფართო უფლებამოსილება აქვს გაეროს: მას შეუძლია მიმართოს ისეთ ზომებს, როგორებიცაა: ეკონომიკური, საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა სახის ურთიერთობათა შეწყვეტა. ასევე, გაერო უფლებამოსილია, მოითხოვოს დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტა, გამოიყენოს სამხედრო ზომებიც კი (იხ. გაეროს წესდების 41-ე და 42-ე მუხლები). ეს ზომები სავალდებულოა სახელმწიფოსათვის მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით და მხოლოდ მშვიდობისათვის საშიშროების ან აგრესიის აქტის დროს. \nსამართალდამრღვევთა მიმართ ზემოქმედების ერთ-ერთ საშუალებად ითვლება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებული და მიღებული დამგმობი რეზოლუციები. ეს არის სანქციები, რომელთა მორალურ-პოლიტიკური ზემოქმედების ძალა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამგვარ რეზოლუციებს შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგიც, მაგალითად, იმ შედეგების უარყოფა, რომლებიც მიღებული იყო ძალის ან სხვა იძულების გამოყენებით. ამ შემთხვევაში ეს რეზოლუციები თავისებურ სანქციებად გვევლინებიან. გაეროს მიერ გამოყენებულმა სანქციებმა დადებითი როლი შეასრულეს სამხრეთ აფრიკაში რასისტული რეჟიმების ლიკვიდაციაში, ასევე ყოფილ იუგოსლავიაში შეიარაღებული კონფლიქტის დარეგულირებაში. ცალკე უნდა აღინიშნოს ეკონომიკური სანქციები (მაგ., ერაყის მიმართ), რომელთა შემოღება ზემოქმედებას ახდენს არა მარტო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე, არამედ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობებზეც. კონტრზომები, რომლებსაც სახელმწიფოები იყენებენ, დაიშვება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ ძირითად პრინციპებს. უმთავრესი, რაც სახელმწიფოებს ამ დროს მოეთხოვებათ, არის ძალის გამოუყენებლობა. ეს იმიას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ რეპრესალიებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია ძალის გამოყენებასთან. უფრო რთულად დგას საკითხი, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკური სანქციების გამოყენებას. იურისტების აზრით, ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზომები უნდა იქნეს მიღებული ძალის გამოყენების ფორმად. კონტრზომების გამოყენებამ არ უნდა დაარღვიოს ადამიანის უფლებები. სახელმწიფოთა კონტრზომები ძველთაგანვე იყოფოდა რეპრესალიად და რეტორსიად.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9