იგ ილ იმ ის იუ
იმი იმო იმპ

იმპრესიონიზმი

მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც XIX ს-ის II ნახევარში წარმოიშვა ფრანგულ ფერწერაში, შემდგომ კი გამოვლინდა ხელოვნების სხვა სახეებშიც. მისთვის დამახასიათებელია სამყაროს აღქმასთან დაკავშირებული ხელოვანის წუთიერი შაბეჭდილებების, სულიერი განწყობილების გადმოცემა. იმპრესიონიზმი 1879 წელს აღმოცენდა, როდესაც ნადარის ფსევდონიმით ცნობილი მხატვარ-ფოტოგრაფის სალონში გამოფენილი ექსპონატებიდან დამთვალიერებელთა თვალთახედვის ობიექტად იქცა კლოდ მონეს პატარა ზომის ნამუშევარი სახელწოდებით "მზის ამოსვლა. შთაბეჭდილება". სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტმა, ლერუამ, თავის სტატიაში მონე და მისი თანამოაზრენი "შთაბეჭდილების მხატვრებად" მონათლა. ესენი იყვნენ: ედუარდ მანე, კლოდ მონე, ოგიუსტ რენუარი, ედგარ დეგა. სრულიად ახალი თემების გახსნისა და სინამდვილის მხატვრული გააზრების ახალი პრინციპების საფუძველზე, მათ დაინახეს ასახული ცხოვრების ის მხარეები, რომლებიც მანამდე საერთოდ შეუმჩნეველი იყო ხელოვნებისათვის. იმპრესიონისტებმა ახალი სილამაზე და პოეზია აღმოაჩინეს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულ ერთიანობაში. მათ სურათებში გვხიბლავს არა მხოლოდ მზის სინათლით აციმციმებული მრავალფეროვნება, მოძრავი ბუნების ცვალებადობის ეფექტები, არამედ მათდამი ადამიანური დამოკიდებულება, მართლად და დამაჯერებლად ასახული ცხოვრებისეული მოტივები, ხალხმრავალი ქუჩები, მოედნები, სახალხო დღესასწაულები, ქალაქისა და სოფლის პეიზაჟები... ამასთან ერთად, იმპრესიონისტთა ნაწარმოებებში ასახულია არა მხოლოდ ობიექტური ცხოვრებისეული სინამდვილე, არამედ თვით მისი ამსახველიც - ადამიანი, შემოქმედი, მოაზროვნე, მათი ჟანრული კომპოზიციები, პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები თავისი შინაარსითა და ფორმით ისახავდნენ ყველაზე მთავარ და სასიცოცხლო მიზანს - სილამაზის, ბედნიერებისა და სიხარულის ესთეტიკურ განცდას. იმპრესიონისტთაგან ღირსეულად მიიღეს ესტაფეტა მხატვრებმა, რომელთაც პოსტიმპრესიონისტებს უწოდებენ და რომელთაც იმპრესიონიზმის მიღწევების საფუძველზე, შემდგომი ძიებების შედეგად, შეიმუშავეს ახალი ფერწერული სისტემა. პოსტიმპრესიონიზმის საერთო სახელწოდებით გაერთიანებულ მხატვართაგან თითოეულმა საკუთარი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. ეს სახელებია: პოლ სეზანი, პოლ გოგენი, ვინსენტ ვან გოგი, ანრი ტულუზ ლოტრეკი... მკაფიო გამოხატულება პოვა იმპრესიონიზმმა ლიტერატურაში, მუსიკაში. მუსიკალური იმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელია სამყაროს სუბიექტურ აღქმასთან დაკავშირებული წუთიერი შთაბეჭდილებების, ინდივიდის სულიერი განცდების ასახვა. მის წარმომადგენელთა (კლოდ დებიუსი, მორის რაველი, მანუელ დე ფალია) შემოქმედებაც ცხოვრების უშუალო აღქმით, ფერადოვანი პეიზაჟური სურათებით, მდიდარი ორკესტრობით გამოირჩევა.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9