მუსიკალური ნაწარმოების აღნაგობა, სტრუქტურა, ანუ მისი ცალკეული მონაკვეთების ან ნაწილების ურთიერთშეფარდება, რაც განპირობებულია იდეით, შინაარსით, თემატური მასალის ჩვენებისა და განვითარების თავისებურებებით. მუსიკალური ფორმის უმცირესი ელემენტებია - მოტივი, ფრაზა, წინადადება, პერიოდი. ძირითადი მუსიკალური ფორმებია: მარტივი და რთული, ორ- და სამნაწილიანი, კუპლეტური, ვარიაციული, რონდო, სონატური ალეგრო, ციკლური და პოლიფონიური ფორმები; ე.წ. თავისუფალი ფორმები გამოიყენება იმპროვიზაციული ხასიათის ნაწარმოებებში (ფანტაზია, ექსპრომტი, პრელუდია).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი