ნა ნე ნო
ნატ ნაღ ნახ

ნატურმორტი

სახვითი ხელოვნების ჟანრი ან ამ ჟანრის ნაწარმოები. თვითონ გამოსახვის ობიექტიც ასევე იწოდება ნატურმორტად. იგი შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ უსულო საგნებისაგან, არამედ მოიცავდეს ბუნებრივ ფორმებსაც. ამიტომ უფრო ზუსტია სახელწოდება, რომელიც მიღებულია ინგლისურენოვან ქვეყნებში - Still life- «წყნარი სიცოცხლე». ნატურმორტის ხელოვნება, როგორც ჟანრი გაჩნდა ჰოლანდიაში, XVII ს-ის დასაწყისში. მხატვრები გამოსახავდნენ ყველაზე ჩვეულებრივ საგნებს, მაგრამ აჩვენებდნენ მათ სილამაზესა და პოეტურობას. ნატურმორტის უდიდესი ოსტატია ფრანგი ჟ. შარდენი. XIX ს-ში სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ბევრი მხატვარი ქმნიდა ნატურმორტის შესანიშნავ ნიმუშებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პოსტიმპრესიონისტები. რომელთათვისაც საგანთა სამყარო ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო (ვან გოგი, პოლ სეზანი). XX ს-ში ნატურმორტის ჟანრში მუშაობენ განსხვავებული სტილური მიმართულების მხატვრები, რომლებიც ასევე განსხვავებულად წარმოსახავენ ფერს, ფორმას, სივრცეს. ნატურმორტის საუკეთესო ნიმუშებში არა მხოლოდ საგანთა სილამაზეა გახსნილი, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროც, მისი გრძნობები და განცდები, განსაზღვრული ისტორიული ეპოქის რეალური ცხოვრების თავისებურებანი.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9