ოდ ოპ ორ
ოპე

ოპერა

ხელოვნების სინთეზური ჟანრი, რომელშიც გაერთიანებულია ვოკალური და საკრავიერი მუსიკა, პოეზია, დრამატული, სახვითი ხელოვნება, ქორეოგრაფია. ოპერას საფუძვლად უდევს ლიტერატურული ტექსტი, რომელსაც ეწოდება ლიბრეტო. ოპერა წარმოიშვა ფლორენციაში, XVI- XVII სს-ის მიჯნაზე (ი. პერის «ევრიდიკე»). ისტორიული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა საოპერო ხელოვნების ჟანრული მრავალფეროვნება: ისტორიულ-ჰეროიკული, ისტორიულ-რომანტიკული, ეპიკური, ლირიკული, კომიკური და სხვ. XVII ს-ში, ნეაპოლის საოპერო სკოლაში ჩამოყალიბდა «ოპერა-სერია» (ა. სკარლატი) - მითოლოგიურ და ისტორიულ სიუჟეტებზე, უპირატესად სოლისტის ვირტუოზული ოსტატობის მაჩვენებელი სოლო ნომრებით, გუნდისა და ქორეოგრაფიის გარეშე. XVIII ს-ში, ასევე იტალიაში, რეალისტური კომედიისა და ხალხური ყოფის ამსახველი სასიმღერო ხელოვნების საფუძველზე ჩამოყალიბდა «ოპერა-ბუფა» (პერგოლეზი, «მოახლე ქალბატონი») საყოფაცხოვრებო სიუჟეტებით. საოპერო მუსიკის შედევრები შექმნეს: ჯოაკინო როსინიმ (1792-1868 წწ.), რომლის «სევილიელ დალაქსაც» პეტრე ჩაიკოვსკიმ «იტალიური მუსიკის ფასდაუდებელი მარგალიტი» უწოდა; ჯუზეპე ვერდიმ (1813-1901 წწ.), რომელსაც «იტალიის რევოლუციის მაესტრო» შეარქვეს. დრამატურგიული მთლიანობა, ენერგიული და სადა მუსიკალური მეტყველება, ხალხურ სიმღერებთან სიახლოვე - ეს თვისებები გამოარჩევს ვერდის საუკეთესო ქმნილებებს, როგორიცაა ოპერები: «რიგოლეტო», «ტრავიატა», «აიდა», «ოტელო» და სხვ; ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა (1756-1791წწ.) რომლის ოპერებიც («ფიგაროს ქორწინება», «დონ ჟუანი», «ჯადოსნური ფლეიტა» და სხვ.) მწყობრი დრამატურგიით, საოცარი მელოდიურობითა და სახეთა მკაფიო დახასიათებით მსოფლიო საოპერო მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს; ჟორჟ ბიზემ (1838-1875წწ.), რომლის «კარმენმა» მსოფლიო აღიარება პოვა; რიჰარდ ვაგნერმა (1813-1883წწ.), როგორც საოპერო ჟანრის რეფორმატორმა (ტეტრალოგია «ნიბელუნგების ბეჭედი» და სხვ.); პეტრე ჩაიკოვსკიმ (1840-1893წწ.), რომლის შემოქმედებაც არა მხოლოდ რუსული კულტურის უძვირფასესი განძია - ოპერები «ევგენი ონეგინი», «პიკის ქალი», «იოლანტა» მსოფლიოს უდიდეს საოპერო თეატრთა რეპერტუარს ამშვენებს. ქართული კლასიკური ოპერის ფუძემდებელია ზაქარია ფალიაშვილი. საოპერო ნაწარმოები იყოფა აქტებად (მოქმედებებად), მათ შორის ანტრაქტებია. იწყება საორკესტრო შესავლით - უვერტიურით. საოპერო მუსიკის ძირითადი ფორმებია: ვოკალური ნომრები, სოლო (არია, არიოზო, კავატინა, მონოლოგი და სხვ.), საანსამბლო (დუეტი, ტერცეტი და სხვა), საგუნდო, გაშლილი ვოკალური სცენები (ძირითადად - საფინალო); რეჩიტატივები, ქორეოგრაფიული ნომრები, ვოკალურ-ქორეოგრაფიული სცენები, საორკესტრო ნომრები.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9