პა პე პი პლ პო პრ პუ
პეი

პეიზაჟი

სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელშიც ბუნების სურათია ასახული. პეიზაჟს უწოდებენ აგრეთვე ამ ჟანრის ნაწარმოებსაც. პეიზაჟი შეიძლება ატარებდეს ისტორიულ, გმირულ, ფანტასტიკურ, ლირიკურ, ეპიკურ და ა.შ. ხასიათს. მაგ., შესანიშნავი რუსი ფერმწერის ისააკ ლევიტანის პეიზაჟებს ხშირად უწოდებენ «განწყობილების პეიზაჟებს». მათში განსახიერებულია მწუხარების, სიხარულის, წინათგრძნობის, შეშფოთებისა და სხვ. სულიერი მდგომარეობები (მაგ., «ოქროსფერი შემოდგომა»). ხშირად პეიზაჟი ქმნის ფონს ფერწერულ, გრაფიკულ თუ სხვა ჟანრის ნაწარმოებებში. ასახავს რა ბუნების სურათს, მხატვარი არა მხოლოდ ისწრაფვის მის ზუსტად წარმოსახვას, არამედ მისადმი თავის დამოკიდებულებასაც გამოხატავს. პეიზაჟის პირველი «ნიმუშები» ჯერ კიდევ შორეულ წარსულში შეიქმნა. პეიზაჟის ელემენტები შეიძლება აღმოვაჩინოთ ძველი აღმოსავლეთის რელიეფებსა და მოხატულობებში, განსაკუთრებით ძველი ეგვიპტისა და ძველი საბერძნეთის ხელოვნებაში. შუა საუკუნეებში პეიზაჟის მოტივებით ამკობდნენ ტაძრებს, სასახლეებს, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა XVII ს-ში ჰოლანდიელ ფერმწერთა შემოქმედებაში, შემდეგ განავითარეს რუბენსმა, რემბრანდტმა, რეისდალმა, პუსენმა და სხვ. XIX ს-ში პეიზაჟის ოსტატთა შემოქმედებითი აღმოჩენები, პლენერული ფერწერის მიღწევები (კორო, სავრასოვი, ვასილევი, ლევიტანი და სხვ.) დაგვირგვინდა იმპერსიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების (მანე, მონე, რენუარი, სეზანი, ვან გოგი, და სხვ.) შემოქმედებით. «პერედვიჟნიკები» - ასე უწოდებდნენ მხატვრებს, რომლებიც შედიოდნენ 1870 წელს ი. კრამსკოის, გ. მიასოედოვის, ნ. გესა და ვ. პეროვის ინიციატივით შექმნილ რუსეთის დემოკრატ მხატვართა გაერთიანებაში «მოძრავ სამხატვრო გამოფენათა ამხანაგობა». მათ მიერ ორგანიზებულმა მოძრავმა სამხატვრო გამოფენებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსული სახვითი ხელოვნების განვითარებაში. ამხანაგობის არსებობის 53 წლის განმავლობაში 48-ჯერ მოეწყო გამოფენა. ახალგაზრდა მხატვრებს დიდ დახმარებას უწევდა პ. ტრეტიაკოვი, რომელმაც დააარსა რუსეთის ეროვნული ხელოვნების პირველი მუზეუმი. თავისი გალერეისათვის მან შეიძინა «პერედვიჟნიკებისა» და ამ პერიოდის რეალისტი მხატვრების შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები. «პერედვიჟნიკების» შემოქმედებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა ჟანრულ ფერწერას, მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე სოციალურ-ყოფითი პორტრეტი და ისტორიული თემატიკა. ი. რეპინი, ვ. მაკოვსკი და სხვები თავიანთ ნამუშევრებში გამოხატავდნენ მხურვალე სიყვარულსა და რწმენას მშობლიური ხალხისადმი. რუსი რომანისტი მწერლების დარად ქმნიდნენ ეპოპეას რუს ხალხზე, რუსულ სინამდვილეზე. განსაკუთრებით ახლობელი იყო «პერედვიჟნიკებისათვის» მშობლიური პეიზაჟი. ბევრი მათგანი პეიზაჟისტი გახდა. რუსეთის ბუნება მთელი სისრულით აისახა ა. სავრასოვის, ვ. პოლენოვის ი. შიშკინის, ი. ლევიტანის შემოქმედებაში .
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9