პა პე პი პლ პო პრ პუ
პოე პოლ პოპ პორ პოს

პორტრეტი

სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის გამოსახვასთან. გარდა გარეგანი, ინდივიდუალური მსგავსებისა, მხატვარი პორტრეტში გადმოსცემს ადამიანის ხასიათს, მის სულიერ სამყაროს, ხასიათს, ასევე იმ ეპოქის თავისებურებებს, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს. პორტრეტის რამდენიმე სახეობა არსებობს: პორტრეტი ინტერიერში, პორტრეტი პეიზაჟის ფონზე, ჯგუფური პორტრეტი. მოდელი შეიძლება გამოისახოს მთლიანად, მხრებამდე, წელს ზემოთ. გამოსახვის ხასიათით გამოიყოფა პორტრეტის ორი ჯგუფი: კამერული და პარადული. კამერულ პორტრეტში მოდელი, უმთავრესად, გამოსახულია ნეიტრალურ ფონზე, წელსზემოთ ან მხრებამდე. პარადული პორტრეტისათვის დამახასიათებელია მოდელის გამოსახვა სრული ზომით, ხშირად არქიტექტურულ ან პეიზაჟურ ფონზე. პორტრეტის განსაკუთრებული სახეა ავტოპორტრეტი - მხატვრის მიერ საკუთარი თავის გამოსახვა. პორტრეტის ხელოვნება რამდენიმე ათასწლეულს მოითვლის. უკვე ძველ ეგვიპტეში მოქანდაკეები ქმნიდნენ ადამიანის სახის საკმაოდ ზუსტ ასლებს იმ მიზნით, რომ გარდაცვალების შემდეგ ამ ადამიანის სულს შეძლებოდა მასში ჩასახლება. ამ მხრივ აღსანიშნავია ე.წ. ფაიუმის პორტრეტები, შესრულებული ენკაუსტიკის ტექნიკით. პოეტების, ფილოსოფოსების, საზოგადო მოღვაწეთა იდეალიზებული პორტრეტების შექმნა ფართოდ იყო გავრცელებული ძველი საბერძნეთისა და რომის ქანდაკებაში. განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა ჟანრმა აღორძინების ხანაში (ლეონარდო, რაფაელი, ტიციანი და სხვ.). XVII ს-ის ევროპულ ფერწერაში წინა პლანზე პარადული, ოფიციალური პორტრეტის საწინააღმდეგოდ, წამოიწია კამერულმა, ინტიმურმა პორტრეტმა, რომლის უდიდესი ოსტატებიც იყვნენ რემბრანდტი, ვან დეიკი, ველასკესი და სხვ. მათ შექმნეს უბრალო ადამიანთა შთამბეჭდავი სახეები, აღმოაჩინეს მათში უდიდესი სითბო, სიკეთე, ადამიანურობა. რუსულ ფერწერაში პორტრეტის ჟანრის საუკეთესო ნიმუშები შექმნეს სეროვმა, პეროვმა, კრამსკოიმ და სხვ. ქართულ სახვით ხელოვნებაში პირველმა პროფესიონალმა მხატვარმა გ. მაისურაძემ შექმნა პორტრეტების ციკლი. წარმატებით მუშაობდნენ ამ ჟანრში მ. თოიძე, ქ. მაღალაშვილი, ლ. გუდიაშვილი, უ. ჯაფარიძე, კ. სანაძე და სხვ. ქანდაკებაში - ი. ნიკოლაძე, კ. მერაბიშვილი, შ. მიქატაძე, მ. ბერძენიშვილი, ე. ამაშუკელი და სხვ.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9