პა პე პი პლ პო პრ პუ
პრე პრო

პროტოტიპი

რეალური პირი, პიროვნება, რომელიც საფუძვლად უდევს მხატვრული სახის შექმნას. ლიტერატურული გმირის (პერსონაჟის) სახის შექმნის პროცესში მწერალმა შეიძლება, ერთ შემთხვევაში, განაზოგადოს ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს მრავალ ადამიანს, მეორე შემთხვევაში კი რომელიმე არსებული კონკრეტული პიროვნებისა და მასთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ ფაქტებსა და მოვლენებზე ააგოს ნაწარმოები. 1809 წელს ლონდონში მოხდა სენსაციური ამბავი - ხომალდით ჩამოიყვანეს 4 წლის განმავლობაში უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრები ნახევრადგაველურებული ადამიანი, ყოფილი მეზღვაური. დრამატიზმით აღსავსე, მარტოობასთან, არსებობისათვის ბრძოლის მისმა ისტორიამ არა მხოლოდ პრესის წარმომადგენელთა თუ სწავლულ-მეცნიერთა დაინტერესება გამოიწვია, მწერალმა დანიელ დეფომ რამდენიმე ხნის შემდეგ გამოაქვეყნა მსოფლიოში აღიარებული რომანი «რობინზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავლები». ამგვარად, კონკრეტული პიროვნება - მეზღვაური (ალექსანდრ სელკირკი) იქცა ლიტერატურულ გმირად, რობინზონის პროტოტიპად. ზოგჯერ მწერალი რეალურ პიროვნებას, გარდასახულს ლიტერატურულ პერსონაჟად, ჭეშმარიტი, ნამდვილი სახელით წარმოადგენს, თუმცა მისი ცხოვრების ზედმიწევნით გადაღებას როდი ახდენს. იგი ეყრდნობა რეალურ მასალას, ქმნის მხატვრულ სახეს, რომელშიც მისდამი ავტორისეული დამოკიდებულებაც იკვეთება. ავტორმა ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე პროტოტიპის თვისებები, ნიშნები გამოიყენოს ერთი მხატვრული სახის შესაქმნელად. ნებისმიერი მაღალმხატვრული ნაწარმოები, რომელიც რეალურ ადამიანთა ცხოვრებაზე აიგება, მკითხველზე განსაკუთრებული ძალით მოქმედებს და ახლა უკვე ლიტერატურული გმირი წარმოქმნის თავის ცხოვრებისეულ ორეულებს.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9