რა რე რი რო
რეა რეგ რეკ რელ რემ რენ რეპ რეტ

რენესანსი

Fr. Renaissance აღორძინება
ერთ-ერთი უდიდესი ეპოქათაგანი, გარდატეხის ეტაპი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. აღორძინების ეპოქის ესთეტიკური იდეალი ჩამოყალიბდა ახალი პროგრესული მსოფლმხედველობის - ჰუმანიზმის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც უმაღლეს ღირებულებად რეალური სამყარო, ადამიანი იქნა აღიარებული. ჰუმანიზმის იდეებმა განსაკუთრებით მკაფიო და სრული ხორცშესხმა პოვა ხელოვნებაში, რომლის ძირითად თემადაც ფიზიკურად სრულყოფილი, ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი იქცა თავისი განუსაზღვრელი სულიერი და შემოქმედებითი შესაძლებლობებით. აღორძინების ხელოვნება, მოწოდებული სწორედ ამ ახალი გმირის განსადიდებლად, შთაგონების წყაროს ანტიკური სამყაროს კულტურულ მემკვიდრეობაში ეძებდა. მთელ იტალიაში წარმოებდა გათხრები. საუკუნეთა განმავლობაში დავიწყებას მიცემული ანტიკური ქანდაკებები მკვდრეთით აღდგნენ და კვლავ მოევლინენ ქვეყნიერებას, მაგრამ იგი, ახალი დროის ხელოვნება, ანტიკური ხელოვნების მექანიკური მიბაძვა როდი იყო. მასში სრულიად ახალი შინაარსი იყო ჩადებული. ამგვარად, "აღორძინება" სწორედ რომ ანტიკური ხანის ხელოვნებისადმი ინტერესის აღორძინებას ნიშნავდა. ხელოვნებამ თავის სამსახურში ჩააყენა მეცნიერება, აღორძინების ეპოქის მხატვრები სწავლობდნენ ანატომიას, არქეოლოგიას, მათემატიკას... რენესანსს საფუძველი იტალიაში ჩაეყარა (XIV-XVI სს.), შემდგომ კი განვითარება პოვა საფრანგეთში (XV-XVI სს.), გერმანიაში, ნიდერლანდებში (XVI ს.), ინგლისში (XVI-XVII სს.), თვით ტერმინი კი ("რენესანსი") ახალი დროის ხელოვნების აღსანიშნავად პირველად იტალიელ მხატვართა ცხოვრების აღმწერმა ვაზარიმ გამოიყენა XVI ს-ში. აღორძინების ეპოქამ იტალიაში რამდენიმე ეტაპი განვლო: ადრეული აღორძინება, რომელშიც თანდათანობით იჩენს თავს ახალი ხელოვნების ნიშნები; მაღალი აღორძინება, რომელმაც კაცობრიობას მისცა ისეთი სწორუპოვარი ოსტატები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი; გვიანი აღორძინების ხანა, როდესაც ეკონომიკისა და ვაჭრობის დაცემამ, კათოლიციზმის ბრძოლამ ჰუმანისტური კულტურის წინააღმდეგ განაპირობა კიდეც ღრმა კრიზისი ხელოვნებაში. აღორძინების სამშობლოდ იქცა ფლორენცია. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ "აღორძინების მამებად" წოდებული არქიტექტორი ბრუნელესკი (მან პირველმა შექმნა არქიტექტურული ფორმები, რომლებსაც მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ და სრულყოფდნენ იტალიელი ხუროთმოძღვრები. მისი შემოქმედების აღიარებული შედევრია ფლორენციის პატარა ეკლესია - პაცის კაპელა (დაახლ. 1430 წ.); მოქანდაკე დონატელო (მისი ქანდაკება "დავითი" ეპოქის პირველი შიშველი ფიგურა, ასევე პირველი მრგვალი ქანდაკებაა); ფერმწერი მაზაჩო (სხვა მრავალ სიახლესთან ერთად მან პირველმა შეიტანა თავის ნამუშევრებში მეცნიერული პერსპექტივა). განსაკუთრებულ მწვერვალებს მიაღწიეს თავიანთ შემოქმედებაში ე.წ. მაღალი რენესანსის დიდოსტატებმა - ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელმა, მიქელანჯელომ. ლეონარდო და ვინჩი (1475-1564 წწ.) ყველა დროის უდიდესი მხატვარი, ამავე დროს, მეცნიერი, გამომგონებელი, მათემატიკოსი, ხუროთმოძღვარი, მოქანდაკე, მწერალი, მუსიკოსი გახლდათ. მის მიერ შექმნილი "ჯოკონდა" (მონა ლიზა), "საიდუმლო სერობა", "მადონა ყვავილით" და მრავალი სხვა, გენიალურ ჩანახატებსა და ხელნაწერებთან ერთად, მსოფლიო კულტურის მონაპოვარია. რაფაელ სანტი (1483-1520 წწ.) მთელი თავისი შემოქმედებით ამკვიდრებდა სულიერად და ფიზიკურად მშვენიერი, ამასთან, ჭკვიანი და გონიერი ადამიანის იდეალს («სიქსტის მადონა», ავტოპორტრეტი, პაპ იულიუს II პორტრეტი რომში, ვატიკანის სასახლის დარბაზების მოხატულობები და სხვ.). იგი შესანიშნავი არქიტექტორიც იყო, ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის - წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობას. მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წწ.) «დავითის» ბრინჯაოში ჩამოსხმული ასლი, აღმართული ფლორენციაში, მიქელანჯელოს მოედანზე, სიქსტის კაპელის ჭერის მოხატულობა, მედიჩების აკლდამის სკულპტურები და, საერთოდ, მთლიანად მისი შემოქმედება - კაცობრიობის კუთვნილი საგანძურია. დიდია XV-XVI სს-ის ვენეციელ მხატვართა წვლილი ახალი ხელოვნების განვითარებაში (ჯორჯონე, ტიციანი, ვერონეზე, ტინტორეტო). იტალიურმა აღორძინებამ უდიდესი გავლენა იქონია ნიდერლანდების (იან ვან ეიკი, ჰუგო ვან დერ გუსი, ბოსხი და სხვ.), გერმანიის (ალბერტ დიურერი, ლუკას კრანახი უფროსი და სხვ.), აგრეთვე ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ხელოვნებაზე. აღორძინების თეატრის საწყისები უკავშირდება ხალხურ ხელოვნებასა და ჰუმანიზმის ფილოსოფიას.
ხალხურ გართობა-თამაშობათაგან იშვა აღორძინების ხანის იტალიური თეატრი - კომედია დელ არტე (ანუ პროფესიული კომედია), რომლის სპექტაკლებშიც ჩამოყალიბდა თეატრალური ხელოვნების მნიშვნელოვანი კანონები. დადგინდა, რომ სასცენო ხელოვნების უმთავრესი თავისებურება ცხოველმყოფელი მოქმედებაა, წუთით რომ არ წყდება, ხოლო თეატრალური შემოქმედება - კოლექტიური და იქმნება მთელი ანსამბლის შრომის შედეგად. კომედია დელ არტემ სახელი გაითქვა მთელს ევროპაში მსახიობთა დაუცხრომელი შემოქმედებითი აქტივობითა და იმპროვიზაციის უნარით. და მაინც, დრამატული პოეზიის მწვერვალთა დალაშქვრა წილად ხვდათ არა იტალიელებს, არამედ ესპანელებს. ესპანურ თეატრში წარმოდგენა იწყებოდა სიმღერით (გიტარის თანხლებით), რასაც პროლოგი მოჰყვებოდა, შემდეგ თამაშდებოდა კომედია, ანტრაქტებში წარმოადგენდნენ ინტერმედიებს, საცეკვაო ნომრებს, დამთავრებისას სრულდებოდა ერთობლივი ცეკვა ნიღბებით. «ოქროს ხანის» ესპანური თეატრის წინამძღვარი ლოპე დე ვეგა კარპიო გახლდათ (1562-1635 წწ.), რომლის ერთ-ერთი პიესა «ცხვრის წყარო» ქართული თეატრის სცენაზეც იქნა ხორცშესხმული (კ. მარჯანიშვილის დადგმა). ინგლისური აღორძინების დროინდელი თეატრის აღმავლობა უილიამ შექსპირის (1564-1616 წწ.) სახელს უკავშირდება. შექსპირისეული დრამატურგიის ბრწყინვალე შედევრები ("რომეო და ჯულიეტა", "ჰამლეტი", "მეფე ლირი" და მრავალი სხვა) ამ ჟანრის მწვერვალია. აღორძინების ხანის ლიტერატურის ძირითადი თემები განისაზღვრა სიყვარულისა და მეგობრობის კულტით, რაც უცვლელია დანტეს, პეტრარკას პოეზიაში, მიწიერი ყოფის ხალისიანი შეგრძნება და ნათელი იუმორი დაედო საფუძვლად ნოველის ჟანრს (ჯოვანი ბოკაჩო), მაგრამ მაღალმა აღორძინებამ წინა პლანზე წამოსწია ტრაგედია და რომანი (უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი).
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9