რა რე რი რო
როკ რომ რონ

რომანტიზმი

მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX ს-ის დასაწყისში საფრანგეთის რევოლუციის იდეებისა და, შემდგომ, მისი დამარცხებით გამოწვეული გულგატეხილობის, იმედების მსხვრევისა და გაცრუების საფუძველზე. სწორედ აქედან გამომდინარე, რომანტიკული მსოფლმხედველობის ძირითად დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს მწვავე უთანხმოება, დაპირისპირება ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა იდეალსა და მტანჯველ რეალობას შორის. რომანტიზმმა ფართო გავრცელება პოვა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ამასთან, გამოვლინდა ხელოვნების ყველა სფეროში. რომანტიზმმა ლიტერატურაში წამოაყენა საკუთარი გმირი - ღრმა განცდებისა და მგზნებარე ტემპერამენტის, მოუსვენარი, დაუმორჩილებელი, ამასთან ერთად ცოტა დაბნეულიც კი რეალურ სინამდვილესთან მიმართებაში. გაძლიერებულმა ინტერესმა პიროვნებისა და ადამიანის სულიერი სამყაროსადმი განაპირობა ლირიკული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრების აღმავლობა, საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ რომანს, ისტორიულ დრამას. კრიტიკული რეალიზმის პერიოდში იქმნება საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული რომანტიკული სულისკვეთების რომანები (მაგ., ვ. ჰიუგოს «განკიცხულნი»). XX ს-ში რომანტიზმი აღარ შეადგენს ერთიან მხატვრულ მიმდინარეობას, უფრო მეტიც, ცალკეულ მწერალთა შემოქმედებაში მხოლოდ რომანტიზმის ნიშნებიღაა შენარჩუნებული. განსაკუთრებით ნათელი გამოხატულება პოვა რომანტიზმმა სახვით ხელოვნებაში, უმთავრესად, ფერწერასა და გრაფიკაში, შედარებით ნაკლებად - ქანდაკებაში, უმნიშვნელოდ - არქიტექტურაში. რომანტიკული ფრანგური ფერწერის მამამთავარი გახდა ეჟენ დელაკრუა, რომელმაც მებრძოლი, ვნებათაღელვით აღსავსე სახეების მთელი სამყარო შექმნა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სურათი «თავისუფლება ბარიკადებზე». რომანტიზმს ჰქონდა განმასხვავებელი თავისებურებანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შემოქმედებაში. ასე მაგ., ინგლისში რომანტიკულად ამაღლებულ პეიზაჟებს ქმნიან უ. ტერნერი, ჯ. კონსტებლი, რუსეთში კი რომანტიზმმა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა უმთავრესად, პორტრეტული, აგრეთვე პეიზაჟური ფერწერის განვითარებაზე (ბრიულოვი, აივაზოვსკი, ივანოვი). მუსიკალური რომანტიზმისათვის დამახასიათებელია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პათოსი, ინტერესი ეროვნული ისტორიისა და კულტურისადმი, ზოგჯერ მწვავე რეალობისაგან თავის დაღწევა ბუნების წიაღში (ვებერი, შუბერტი, შოპენი, მენდელსონი, შუმანი და სხვ.). რაც შეეხება თეატრალურ ხელოვნებას, ამ შემთხვევაში დასავლეთევროპელ და რუს სცენის ოსტატებს აახლოებდათ ღრმა ჰუმანიზმი და მეამბოხე სული.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9