მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მძ მწ მჭ
მიკ მინ მიწ

მიწისძვრების ინტენსიურობა ბალებში

Rus. Интенсивность землетрясения в баллах
E. Earthquake intensity
მიწისძვრების ინტენსიურობა არის მიწისძვრის კერის არეში გამოყოფილი ენერგიის რაოდენობა, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება სეისმური ტალღების ენერგიაში და მიწის ზედაპირზე იწვევს სხვადასხვა ხარისხის ნგრევებსა და დეფორმაციას. უმრავლეს ქვეყანაში მიწისძვრების ინტენსიურობა გამოიხატება 12 ბალიანი შკალით (MSK-64), რომელიც დამუშავებულია მედვედევის მიერ: 1. - შეუმჩნეველი მიწისძვრა, შეიმჩნევა მხოლოდ სეისმოგრაფებით, ადამიანი ვერ შეიგრძნობს (1 ბალი); 2. - ძლივს შესამჩნევი მიწისძვრა, შეიგრძნობა მხოლოდ ცალკეული პირების მიერ, თუ ისინი იმყოფებიან მოსვენებულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით ზედა სართულზე (2 ბალი); 3. - სუსტი რყევა, შეიგრძნობა მცირერიცხოვანი პირების მიერ შენობის შიგნით, ღია ცის ქვეშ - მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში. შეიმჩნევა ჩამოკიდებული საგნების რყევა (3 ბალი); 4. - შესამჩნევი რყევა, შეიმჩნევა შენობის შიგნით ადამიანთა უმრაელესობის მიერ. ზოგიერთი მძინარე იღვიძებს, იგი ჰგავს მძიმე სატვირთო მანქანისგან გამოწვეულ რყევას. ზანზარებს ფანჯრები, ჭურჭელი, ჭრიჭინებს იატაკი, კედელი, ღია ჭურჭელში წყალი ოდნავ იწყებს რყევას (4 ბალი); 5. - საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა - შეიგრძნობა შენობის შიგნით. მძინარეთა უმრავლესობა იღვიძებს, გარბის შენობიდან. ცხოველები წუხან, შენობები ირყევა, დაკიდებული საგნები ძლიერ ქანაობს, სურათები ადგილიდან იძვრის, ჩერდება საათის ქანქარა, ზოგიერთი საგანი იქცევა, კარები და ფანჯრები იხურება და იღება, ჭურჭლებიდან გადმოიღვრება წყალი, რყევა ჰგავს მძიმე საგნების ვარდნას შენობის შიგნით, ზოგჯერ იცვლება წყაროს დებიტი (5 ბალი); 6. - ძლიერი მიწისძვრა - შეიგრძნობა უმრავლესობის მიერ როგორც შენობაში, ისე ღია ცის ქვეშ. ცხოველები გამორბიან ნაგებობებიდან, ზოგჯერ იმტვრევა ჭურჭელი, ვარდება წიგნები, გადაადგილდება ავეჯი, ისმის რეკვა სამრეკლოდან, ხშირად ხდება შენობების დაზიანება, მეწყრების წარმოშობა, იცვლება წყაროს დებიტი და ჭაში წყლის დონე (6 ბალი); 7. - ძალიან ძლიერი მიწისძვრა, ადამიანი შეშინებულია და ფეხზე ძლივს დგას, რყევა აღინიშნება იმ პირების მიერ, ვისაც მანქანა მიჰყავს, რეკავენ დიდი სამრეკლოები, როგორც წესი, ზიანდება შენობები, წარმოიშობა მეწყრები, მილგამტარებზე ჩნდება რღვევის ადგილები და ნაპრალები ქვის ღობეებში, წყლის ზედაპირზე წარმოიშობა ტალღები, წყალი ხდება მღვრიე, იცვლება წყლის დებიტი წყაროებში და დონე ჭებში, ზოგიერთი წყარო ქრება (7 ბალი); 8. - დამანგრეველი მიწისძვრა, იწყება შენობების მძიმე დაზიანება, ადამიანის შიში და პანიკა, მათ შორის ვისაც მანქანა მიჰყავს, იმტვრევა ხის ტოტები, გადაადგილდება ავეჯი, ხშირად დაკიდებული ფარები ზიანდება, ჩვეულებრივ, აგურის სახლები იღებს მეორე ან მესამე სარისხის დაზიანებას, ზოგიერთ ქვის სახლს უჩნდება ნაპრალი, ძეგლები იძვრის ადგილიდან. მილგამტარები წყდება, ქვის ღობეები ინგრევა, იწყება მეწყრების მასიური წარმოქმნა, გრუნტებში ჩნდება ნაპრალები, გამშრალი ჭები ივსება წყლით, ზოგიერთ მათგანში ქრება, იცვლება წყაროების დებიტი და ჭების დონეები (8 ბალი; 9. - გამანადგურებელი მიწისძვრა - შენობების მასიური დაზიანება, ავეჯის დაზიანება, ცხოველები ღმუიან. ძეგლები და დანადგარები იქცევა, შენობებში შეიმჩნევა მესამე და მეოთხე ხარისხის დაზიანება, ხდება მილსადენების გაწყვეტა, წყალსაცავების სერიოზული დაზიანება, რკინიგზის გამრუდება და გზატკეცილების დეფორმაცია, განსაკუთრებით მისი გამტარი ნაწილის. გრუნტებში წარმოიშობა ნაპრალები, იწყება მეწყრების და კლდეზვავების ფართო წარმოშობა. წყლის ზედაპირზე ჩნდება დიდი ტალღები (9 ბალი); 10. - მომსპობი მიწისძვრა - შენობათა მასიური ნგრევა, უმრავლესობა განიცდის მეოთხე და მეექვსე ხარისხის დაზიანებას, ზიანდება დამბები და კაშხალები, ხიდები, ხდება რკინიგზის გამრუდება, მიწისქვეშა მილსადენების წყვეტა. გზის საფარი და ასფალტი ხდება ტალღისებური, მდინარეების პარალელურ კალაპოტში წარმოიშობა განიერი წყვეტები, ციცაბო ფერდობებიდან ჩამოდის ფხვიერი ნაყარი, წარმოიშობა დიდი მეწყრები, კლდეზვავები; ჩნდება ახალი ტბები, მდინარეებიდან და არხებიდან ხდება წყლების ამოშხეფვა (10 ბალი); 11. - კატასტროფული მიწისძვრა - იწყება კაპიტალური შენობების, ხიდების, დამბებისა და რკინიგზების სერიოზული დაზიანება, გზატკეცილები მგზავრობისათვის უვარგისი ხდება, ინგრევა მიწისქვეშა მილგამტარები, მიწის ზედაპირზე ჩნდება განიერი ნაპრალები და გადაადგილდება ვერტიკალური და პორიზონტალური მიმართულებით, ადგილი აქვს ფერდობების მასიურ ჩამონგრევა - ჩამოქცევას (11 ბალი); 12. - ძლიერი კატასტროფული მიწისძვრა -• მიწის ზედაპირის რადიკალური შეცელა, ყველა სახის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების ძლიერი დაზიანება ან ნგრევა (12 ბალი).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9