ხანგრძლივი განვითარების თავისებური ნაირსახოვანი ბრექჩიების რთული ზონები. მელანჟური ზონის კლდეზვაური და კლდეზვაურ - მეწყრული ბრექჩიები საწყის პერიოდში ილექება რღვევებით შემოფარგლულ შედარებით ღრმა ზღვის აუზში. შემდეგში მათი გადამუშავება მიმდინარეობდა შეცოცებების განვითარების ზონაში. მელანჟის შემადგენლობაში შედიან ტუფები და დიაბაზური შედგენილობის ვულკანიტები, ჰიპერბაზიტები, წითელი იასპი, რადიოლიარიტები, კირქვებისა და არცთუ იშვიათად გაურკვეველი წარმოშობის მეტამორფული ქანების და სხვა პეტროგრაფიული შედგენილობის ლოდები და ლინზები. ჩვეულებრივ მელანუჟის შემადგენლობაში ლოდებისა და ლინზების განლაგება ქაოსურია. ლოდები ატარებენ მსხვრევისა და ურთიერთგადაადგილების კვლებს, ხშირად ცოცვის სიბრტყეებით. მელანჟის ზონები დაკავშირებულია გეოსინკლინური ნაოჭა სისტემების განაპირა დიდ სიღრმულ რღვევებთან. მელანჟებში არჩევენ ტექტონიკურს, დანალექს და რთული გენეზისისას. ტექტონიკური მელანჟი დაკავშირებულია ზეწრულ ტექტონიკასთან, რომელიც წარმოადგენს კონსედიმენტაციური ტექტოგენეზისის ფაზის გამოსახვას. დანალექ მელანჟში შედის „ველური ფლიში“ (ოლისტოლიტები და ოლისტოსტრომი). ყველაზე უფრო გავრცელებულია რთული (შერეული) მელანჟი. მელანჟი ფართოდაა გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის მოძრავ სარტყელში, ირანში, თურქეთში, კარპატებში, ყირიმში, კავკასიაში (განსაკუთრებით მცირე კავკასიონში) და ა.შ. საინჟინრო გეოდინამიკაში მნიშვნელოვანია მელანჟური ნალექების ტიპების დადგენა, რადგან მათთვის დამახასიათებელია განსაკუთრებულად შესუსტებული ზონების არსებობა და სეისმოგრავიტაციული მოვლენების განვითარება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.