Rus. Тропические поясаE. Tropical belts კლიმატოლოგიაში არჩევენ ოთხ თერმულ სარტყელს: 1. ტროპიკული სარტყელი. ამ სარტყელში ტემპერატურა არ ეცემა 0°С-ზე დაბლა (მთიანი ოლქის გარდა). ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა უდრის 15-20°С. ტემპერატურის წლიური ცვლა გათანაბრებელია და ამპლიტუდა არ აღემატება +5°С-ს. სარტყელში მცენარეთა ვეგეტაცია მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს და ცხოველები მუდმივად აქტიური არიან (გვალვიანი ოლქების გარდა); 2. სუბტროპიკული სარტყელი - ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა +4°С-ზე მაღალია, ხოლო ყველაზე თბილი თვის +20°C-ზე მეტი. მინიმალური ტემპერატურა ეცემა 0°C-ზე დაბლა და იშვიათად აღწევს (-)15°C. თოვლის საფარი არამდგრადია. მცენარეთათვის არსებობს ორი სავეგეტაციო პერიოდი - ზაფხულისა და ზამთრის. ცხოველები წლის უმეტეს დროს აქტიურები არიან; 3. ზომიერი კლიმატის სარტყელი. მცენარეებში კარგად არის გამოხატული ზაფხულის სავეგეტაციო პერიოდი და ზამთრის ხანგრძლივი დასვენება. ცხოველებს კი ზამთარში ახასიათებთ პასიური მდგომარეობა ან ძილქუში. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა უდრის 70-80 დღეს, ზამთარში თოვლის საფარი მდგრადია და ხშირია ყინვები; 4. ცივი სარტყელი. მთელ სავეგეტაციო პერიოდში, რომელიც სულ 1,5-2 თვე გრძელდება, შესაძლებელია სუსხი. მცენარეული საფარი ღარიბია და ძირითადად ჯუჯა მცენარეებითაა წარმოდგენილი. ცხოველთა სამყარო სპეციფიკურია - ძირითადად გვხვდება დაბალი ტემპერატურისადმი ადაპტირებული სახეობები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.