გეოლოგიური თვალსაზრისით, მატერიკის ზღვით დაფარული ნაწილი, რომელიც გარს არტყია სანაპირო ხაზიდან 300 მ სიღრმემდე - მატერიკის კონტინენტალურ კიდემდე (В.Д. Ломтадзе). გლობალურ მასშტაბში შელფის განი იცელება 0 - 1500 კმ-მდე. საშუალოდ შეადგენს 78 კმ-ს. შელფს უჭირავს 28 მილ. კმ² ანუ მსოფლიოს ოკეანეების ფართობის 8%. იყოფა: გარე და შიგა ზონებად. გარე ზონა წარმოადგენს სწორ ან ტალღისებურ, ზოგჯერ ძლიერ დანაწევრებულ, სუსტად დახრილ აბრაზიულ - აკუმულაციურ ზედაპირს (სანაპირო თავთხელი ზღვის ან ოკეანის ნაწილი). სიგანით რამდენიმე ათეული მეტრიდან ასეულ კმ-მდე და მეტი, რომელიც ღია ზღვის მხრიდან შემოფარგლულია გადაღუნული ფსკერით – შელფის კიდით. შელფის კიდის სიღრმე იცვლება 20-550 მ-მდე, ჩვეულებრივ 200 მ-მდე, საშუალოდ შეადგენს 133 მ-ს. თუ შელფის კიდე ძლიერ დანაწევრებულია და ხასიათდება ისეთი სიღრმეებით, რომლებიც განსხვავდება ტიპური შელფისგან, ასეთ ზონებისთვის მიღებულია ტერმინი - ბორდერლენდი. შელფის შიგა ზონა ეკვრის სანაპირო ხაზს და წარმოდგენილია რთული, არასწორი ზედაპირით და აბრაზიით სუსტად გადამუშავებული სუბაერალური (დენუდაციური, ეროზიული, მყინვარული) ან ზოგჯერ ტექტონიკური (ქვაბურები, მაღლობები, ციცაბო საფეხურები და სხვ.) წარმოშობის რელიეფით, რომელიც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დაძირულია მნიშვნელოვან სიღრმეზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.