წყლის ნაკადის დამანგრეველი მოქმედება კალაპოტის ამგებ ქანებსა და ნიადაგზე. დედამიწის ზედაპირზე ეროზიის შედეგად წარმოიქმნება ხაზობრივად გადაჭიმული უარყოფითი ფორმები - ხეობები, ხრამები, ხევები და სხვა; საბოლოოდ კი მას შეიძლება მოჰყვეს მთიანი რელიეფის თითქმის ვაკედ ანუ პენეპლენად გარდაქმნა. ეროზიის სიმძლავრე დამოკიდებულია წყლის მასაზე, რომელიც ნაკადს გადააქვს (m), მის სიჩქარეზე (V), რაც თავის მხრივ დამოკიდებულია კალაპოტის დაქანებაზე და გამოიხატება ფორმულით mv²/2. ხანგრძლივი ეროზიული მოქმედების შედეგად ნაკადი გამოიმუშავებს ისეთ გასწვრივ პროფილს, რომლის დახრილობა მატულობს შესართავიდან სათავისაკენ. ეს არის წონასწორობის პროფილი, რომლის ქვემო დონეს ეწოდება ეროზიის ბაზისი. განასხვავებენ სიღრმით, გვერდით და უკუსვლით (რეგრესიულ) ეროზიას. უცხოელი გეომორფოლოგები ეროზიაში ხაზობრივ და სიბრტყით დენუდაციის ყველა პროცესს გულისხმობენ.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.