იგივე გეომორფოლოგიური ციკლი. დედამიწის გეოლოგიური განვითარების ისტორიაში რელიეფის ევოლუციის საწყისი ეტაპიდან, მისი ახალგაზრდობის, სიმწიფის და სიბერის სრული ციკლის განმეორებადობა.რელიეფის განვითარება, უ. დევისის მიხედვით, იწყება რომელიმე უბანზე აღმავალი ტექტონიკური მოძრაობებით, რელიეფის ელემენტარული ფორმების გაჩენით, თუმცა თავიდანვე განიცდის ეგზოგენური ძალების ზემოქმედებას. ყალიბდება ზრდასრული, მთიანი მხარე მკვეთრი რელიეფის ფორმებით. შემდგომ იწყება მისი დაღმავალი განვითარება. ეროზიულ-დენუდაციური პროცესებით რელიეფის შერბილება, ნაშალი მასალის გატანა და აკუმულაცია, მხარის პენეპლენიზაცია.რომელი ფაქტორიც სჭარბობს -მდინარეული ეროზია, მყინვარული ეკზარაცია, ზღვიური აბრაზია თუ სხვა, უ. დევისი გამოყოფს ოთხ გეოგრაფიულ ციკლს: ეროზიულს, გლაციალურს, ზღვიურს და არიდულს. ყოველ ციკლში გამოიყოფა განმეორებადი რელიეფის განვითარების სტადიები: საწყისი, შუა და ბოლო, რომელთაც დევისი უწოდებდა სინორჩის, სიმწიფის და სიბერის სტადიებს.ყოველ მათგანს შეესატყვისება რელიეფის დამახასიათებელი ფორმები. რელიეფის ევოლუციურ ციკლში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება განსხვავებული მასშტაბის და სირთულის ტექტონიკურ სტრუქტურებს.