აქონდროპლაზია წარმოადგენს ადამიანის ჩონჩხის თანდაყოლილ უხშირეს დისპლაზიას, ვლინდება არაპროპორციული ტანდაბლობით: მაკროცეფალიით, რიზომელიით (კიდურების პროქსიმალური ნაწილების სიმოკლე).
ტერმინი პირველად გამოყენებული იქნა 1876 წელს, ფრანგი პედიატრის, პროფ. ჟოზეფ-მარი-ჟულ პაროს მიერ.
„აქონდროპლაზია“ იხმარებოდა ყველა მოკლე კიდურის მქონე ჯუჯა ადამიანის აღწერისას. არსებობს დარღვევების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს შინაგანი ანომალიები ხრტილისა და ძვლის ზრდის ან რემოდელირების დროს; ის სხვადასხვა ხარისხის გავლენას ახდენს თავის ქალაზე, ხერხემალსა და კიდურებზე და ხშირად იწვევს დვორფიზმს / ჯუჯობას – სხეულის არაპროპორციული განვითარებით. დვორფიზმი/ჯუჯობა შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის – „მოკლე კიდურების“ ტიპი და „მოკლე ტორსის“ ტიპი. „მოკლე კიდურების“ ტიპი მოიცავს - ჰიპოქონდროპლაზიას (ყველაზე მსუბუქი ფორმა), აქონდროპლაზიას (ყველაზე გავრცელებული ფორმა) და მეტაფიზური ქონდროპლაზია/ტანატოფორიული დისპლაზია (ყველაზე მძიმე ფორმა). მკურნალობა – ქირურგიული (ფეხის სიგრძის გაზრდა), მედიკამენტური (სომატოტროპინით), მკურნალობა ახალი თაობის პრეპარატით ვოსორიტიდიტით (C-ნატრიურეზული პეპტიდის [CNP] რეკომბინანტული ანალოგი, ასტიმულირებს ენდოქონდრული გაძვალების პროცესს).
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.