შე შვ შთ ში შო შრ
შობ

შობადობა

E. Childbirth
Rus. Рождаемость
ბავშვთა შობის პროცესი ადამიანთა ერთობლიობაში, რომელიც თაობას ან მოსახლეობას შეადგენს. შობადობა მოკვდაობასთან ურთიერთქმედებისას ქმნის მოსახლეობის აღწარმოებას.

ადამიანის მიერ შთამომავლობის აღწარმოების უნარი შობადობის ბიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. ბავშვთა შობის პოტენციური შესაძლებლობა ეფუძნება ნაყოფიერებას, რომლის რეალიზაცია წარმოებს ქალების ერთობლიობაში რეპროდუქციული ქცევის შედეგად. რეპროდუქციული ქცევის საბოლოო შედეგი – ოჯახში ბავშვების რაოდენობა ცხოვრების წესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სხვა კომპონენტებთან.

შობადობის მაქსიმალურად შესაძლებელ დონეს აფასებენ ნაყოფიერების დონით. ნაყოფიერების დონის გაზომვის პირდაპირი მეთოდები არ არსებობს. მას აფასებენ ირიბად – განაყოფიერების უნარის ან ბუნებრივი შობადობის დონის საფუძველზე, რომელიც ყოველთვის მეტია რეალური შობადობის დონეზე.

შობადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქორწინების ინსტიტუტზე. ეს უკანასკნელი და მისი გავრცელება სხვადასხვა საზოგადოებაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ქორწინებაში მყოფების შობადობა თითქმის ყოველთვის მეტია. ვიდრე ქორწინებაში არმყოფების. ქორწინებაგარეშე დაბადებული ბავშვების წილი უმრავლეს ქვეყანაში დიდი არ არის, თუმცა მისი ცვალებადობა ცალკეული ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია – 0-დან ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, 70-80%-მდე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ზოგიერთ ქვეყანაში.

შობადობის გაზომვას აწარმოებენ სხვადასხვა კოეფიციენტის, შობადობის ცხრილებისა და ინდექსების საშუალებით. შობადობის მაჩვენებლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ისეთებს, რომლებიც შობადობას ახასიათებენ არა დაბადებული ბავშვების რაოდენობის საფუძველზე, არამედ შეხედულებათა რაოდენობრივი შეფასების მიხედვით, რომლებიც მიიღება სპეციალური გამოკვლევების შედეგად ოჯახში ბავშვების იდეალური, სასურველი, მოსალოდნელი და სხვ. რაოდენობის დადგენით.

შობადობის დღევანდელი მდგომარეობის გაგებისა და მომავალი ტენდენციების განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მის ისტორიულ ევოლუციას, რომელიც დაკავშირებული იყო საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. კაპიტალიზმამდე შობადობის დონე განისაზღვრებოდა ბუნებრივი შობადობის დონით და სხვადასხვა ასაკის დაქორწინებული ქალების წილით. ქორწინება ის ძირითადი ინსტრუმენტი იყო, რომელიც არეგულირებდა შობადობას. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები უძველესი დროიდან იყო ცნობილი, მაგრამ ისინი ძირითადად გამოიყენებოდა ქორწინებაგარეშე ბავშვების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ხოლო ქორწინებაში რეპროდუქციული ქცევა მიმართული იყო ბავშვების მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობის ყოლისაკენ. ამ დროს არ წარმოებდა ბავშვთა შობის ნებელობითი შეზღუდვა და ადგილი არ ჰქონდა ბავშვთა შობის შიგაოჯახურ რეგულირებას. XVIII ს. ბოლოდან თანდათან იწყება ამ უკანასკნელთა გამოყენება და გავრცელება თავდაპირველად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. საქართველოში ეს პროცესი XIX ს. პირველი ნახევრიდან დაიწყო. ამ მდგომარეობას მოჰყვა შობადობის შემცირება, რომელმაც თანდათან სულ უფრო გამოხატული და მნიშვნელოვანი ხასიათი მიიღო.

შობადობის კვლევის ისტორია იწყება XVII-XVIII ს. უკვე ჯ. გრაუნტის ნაშრომებში დადგენილ იქნა შობადობის მახასიათებლები. XIX ს. მეორე ნახევრამდე შობადობასთან დაკავშირებული საკითხები ძირითადად თეორიულ პლანში განიხილებოდა – მალთუსიანელებისა და მათი მოწინააღმდეგეების პოლემიკის სახით. ამასთან, ამ დროს უმრავლესი ქვეყნის შობადობის სტატისტიკა არ იყო დამაკმაყოფილებელი. XIX ს. ბოლოს დაგროვდა საკმარისი მონაცემები, მაგრამ შობადობის შესწავლამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო შემდგომში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადადგა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9