ადამიანებს შორის სისხლითი კავშირი, რომელიც ემყარება ერთი ადამიანის მეორისაგან ან საერთო წინაპრისაგან წარმოშობას. ნათესაობას წინაპარსა და შთამომავალს შორის (მაგ., მამა- შვილს, ბაბუასა და შვილიშვილს შორის) პირდაპირი ნათესაობა ეწოდება. ნათესაობა აღმავალია, როცა ნათესაურ კავშირს განიხილავენ შთამომავლობიდან წინაპრისაკენ, ღა დაღმავალი – წინაპრიდან შთამომავლობისაკენ. საერთო წინაპრისაგან წარმომავალ ნათესაობას (მაგ., და-ძმა, ბიძა-ძმისშვილი) გვერდითი ნათესაობა ეწოდება. და-ძმა შეიძლება იყოს ღვიძლი (როცა საერთო დედ-მამა ჰყავთ) და არაღვიძლი (დედით ერთნი ან მამით ერთნი).
საქართველოსა და რიგი ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით ნათესაობა ზოგიერთ შემთხვევაში განსაზღვრული უფლება-მოვალეობის წარმოშობის საფუძველია, მაგ., მემკვიდრეობის დროს, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის დროს, დაუშვებელია ქორწინება პირდაპირ ნათესავებს, ღვიძლ და არაღვიძლ და-ძმას შორის.
ფეოდალურ საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის გავლენით სისხლით ნათესაობის გვერდით სამართლებრივი მნიშვნელობა მიეცა „სულიერ ნათესაობასაც“, ნათლია, ნათლული და მათი ახლობლები პირდაპირი ხაზის ნათესავებად ითვლებოდნენ. კერძოდ, „სულიერი ნათესაობა“ ქორწინებისათვის ისეთივე დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა, როგორსაც სისხლით ნათესაობა. ნათესაური ურთიერთობა ძმადნაფიცობის საფუძველზედაც წარმოიშობოდა.