ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ასრულებს მისი ლიდერის როლს. ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახის უფროსს გააჩნია განსაკუთრებული უფლებები და პასუხისმგებელია მასზე. ზოგჯერ ოჯახის უფროსად განიხილება პირი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის სხვა წევრებს ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი პირობებით. ოჯახის უფროსის ინსტიტუტის არსებობა და შინაარსი დამოკიდებულია ოჯახის ფუნქციებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების დონეზე. პირობებში, როდესაც ოჯახი იყო მწარმოებლური უჯრედი, ოჯახის უფროსის მახასიათებლებით განსაზღვრავდნენ ოჯახის სხვა წევრებისა და მთელი ოჯახის სოციალურ კუთვნილებას. ოჯახის სოციალური ფუნქციების ცვლილებებთან ერთად ოჯახის უფროსის ეკონომიკური მდგომარეობა უკვე აღარ არის მისი სოციალური სტატუსის ერთადერთი კრიტერიუმი და ოჯახის კუთვნილებას ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფთან განსაზღვრავს მისი სხვა წევრებისა და მთელი ოჯახის მახასიათებლები.
ოჯახის უფროსის კატეგორიის შენარჩუნება მოსახლეობის სტატისტიკაში გამოწვეულია იმით, რომ ოჯახის ყველა წევრის მიერ ნათესაური ურთიერთობის მითითება ერთი მათგანის მიმართ, მოსახლეობის აღწერებისა და გამოკვლევებისას. ერთი ოჯახის მეორისაგან გამიჯვნისა და ოჯახის ყველა წევრის ოჯახური მდგომარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
გაერო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, ზოგიერთ ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) ბოლო დროს ჩატარებული მოსახლეობის აღწერებისას ოჯახის უფროსის კატეგორია არ გამოიყენება. ოჯახის წევრების ოჯახური მდგომარეობა განისაზღვრება აღწერის ფურცელში პირველად ჩაწერილი წევრის მიმართ.