ადრე არსებული სხვადასხვა ეთნოსის კომპონენტის ბაზაზე შექმნილი ახალი ეთნიკური ერთობის ჩამოყალიბების პროცესი. ეთნოგენეზი წარმოადგენს ყოველი ეთნოსის ეთნიკური ისტორიის დასაწყისს, რომელიც გრძელდება ეთნოგენეზის დამთავრების შემდეგაც და გამოიხატება უკვე ჩამოყალიბებული ეთნოსის შემდგომი განსახლების პროცესში მასში ზოგიერთი სხვა ასიმილირებული ჯგუფების შერწყმით, ზოგჯერ კი მისგან ახალი ლოკალური ჯგუფების გამოყოფით.
ისტორიულად ეთნოგენეზის ორი სხვადასხვა ტიპია ცნობილი. პირველი დამახასიათებელია პირველყოფილ-თემურ და წინაკაპიტალისტურ საზოგადოებათა ეთნოსის ისტორიისათვის, რაც მთავრდება ისტორიულად ცნობილ ეროვნებათა ჩამოყალიბებით, უმთავრესად ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ეთნოგენეზის მეორე ტიპი ნიშანდობლივია გვიანდელი ხანის ეთნიკურ ერთობათა წარმოქმნისათვის, მაგ., თანამედროვე ამერიკის ხალხთა ფორმირებისათვის, რომელშიც მთავარი როლი შეასრულეს უკვე ჩამოყალიბებული ხალხების წარმომადგენლებმა. მთავარი განსხვავება ამ ორ ტიპს შორის ისაა, რომ თავისი დროისათვის ახალი ტომობრივი ჯგუფების ანუ ადრინდელი ეროვნების ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ უფრო ძველი ტომობრივი ჯგუფები – მასობრივი, ამასთან აუცილებელი ბიოლოგიური კონტაქტების გზით, მაშინ როცა ახალი დროის ეთნიკურ ერთობათა ეთნოგენეზში მთავარი როლი განეკუთვნება აკულტურაციის პროცესებს. ეთნოგენეზის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეთნოსის კომპონენტების კონსოლიდაციის, ასიმილაციისა და მიგრაციის პროცესები.