ქორწინების ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი, იზომება როგორც დროის ინტერვალი ადამიანის დაბადებისა და ქორწინების თარიღს შორის. ინფორმაცია ქორწინების ასაკის შესახებ მიიღება მოსახლეობის აღწერების, მოსახლეობის გამოკვლევებისა და მიმდინარე აღრიცხვის შედეგად.
დემოგრაფიული ანალიზისას ქორწინების ასაკი ყოველთვის განიხილება ადამიანთა ერთობლიობისათვის და წარმოადგენს განაწილებას ამ მაჩვენებლის მიხედვით, ან მის საშუალოს როგორც ამ განაწილების განმაზოგადებელ მახასიათებელს. ჩვეულებრივ ქორწინების ასაკის გაანგარიშება წარმოებს ცალ-ცალკე როგორც პირველი და ხელახალი ქორწინებისათვის, ასევე მამაკაცებისა და ქალებისათვის.
ჩვეულებრივად ქალები მამაკაცებზე ადრე ქორწინდებიან. ქორწინების ასაკი მამაკაცებისა და ქალებისათვის ფართოდ ვარირებს; გვხვდება ქორწინებები, სადაც მამაკაცი გაცილებით უფროსია ქალზე, და, პირიქით, თუმცა უფრო ხშირად განსხვავება მამაკაცისა და ქალის ქორწინების ასაკს შორის მნიშვნელოვანი არ არის – ქორწინებისას საშუალოდ მამაკაცები 2-3 წლით უფროსები არიან ქალებზე.