| | |
ასაკისა და სქესის მიხედვით ადამიანთა განაწილების გრაფიკული გამოსახულება. ასაკობრივი პირამიდა წარმოადგენს ორმხრივი მიმართულების დიაგრამას, რომელზეც ყოველი ასაკისა და სქესის ადამიანთა რაოდენობა ან მათი წილი მოსახლეობაში გამოსახულია გარკვეული მასშტაბის ჰორიზონტალური ზოლით (საფეხურით). ზოლები ერთმანეთზეა განლაგებული ასაკის ზრდის მიხედვით, ჩვეულებრივ 0-დან 100 წლამდე; მარცხნივ მამაკაცებია, მარჯვნივ ქალები. ვინაიდან მოკვდაობის შედეგად ადამიანთა რაოდენობა უფროს ასაკში ნაკლებია, ვიდრე დაბალ ასაკში (როგორც წესი), გრაფიკულ გამოსახულებას, მოცემულ შემთხვევაში, აქვს პირამიდის ფორმა.
ასაკობრივი პირამიდა აიგება მოსახლეობის აღწერების ან მოსახლეობის გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე, ჩვეულებრივ, ერთი - ან 5 წლიანი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ასაკობრივი პირამიდის საფეხურების ფართობი (მასშტაბში) შეესაბამება ყოველი ასაკისა და სქესის მოსახლეობის რაოდენობას ან მათ წილს (%) მოსახლეობაში. ამასთან საფეხურის სიგრძე შეესაბამება მოცემულ ასაკობრივ ერთეულზე მოსულ ადამიანთა რაოდენობას.
1989 წლის საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი პირამიდა
ასაკობრივი პირამიდა გამოხატავს ასაკობრივ-სქესობრივ სტრუქტურას დროის ამა თუ იმ მომენტისათვის. ის აფიქსირებს წინა პერიოდის მოსახლეობის აღწარმოების და მიგრაციის შედეგს. საფეხურების შედარებითი სიგრძე უფროსი ასაკიდან უმცროს ასაკამდე, მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაზე შობადობისა და მოკვდაობის პროცესების გავლენაზე იძლევა წარმოდგენას (ხანგრძლივი დროის მანძილზე). ამასთან, მიგვითითებს მოცემული მომენტისათვის ჩამოყალიბებული ასაკობრივი სტრუქტურის გავლენას მოსახლეობის პერსპექტიულ ზრდაზე.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |