E. CareRus. Попечительство მოქალაქეთა პირადი ან ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთი ფორმა. მზრუნველობას უშუალოდ ახორციელებს დანიშნული მზრუნველი. მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე 15 წლის ასაკიდან 18 წლამდე, იმ შემთხვევაში, თუ იგი რაიმე მიზეზის (მშობლების გარდაცვალება, ავადმყოფობა, მშობლის უფლების ჩამორთმევა და სხვა) გამო დარჩა მშობლის მზრუნველობის გარეშე. მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედითუნარიან პირზე მისივე თხოვნით, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად გამოიყენოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი. მზრუნველობა იმავე მიზნებს ისახავს, რასაც მეურვეობა. 15-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის ინტერესების დაცვისათვის გარიგების დადებისას, როგორც წესი, საჭიროა მზრუნველის თანხმობა. მზრუნველობა შეწყდება, თუ მოისპო მიზეზი, რომელმაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)