მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მიგ მიკ

მიგრაცია (მოსახლეობის მიგრაცია)

E. Migration (Population migration)
Rus. Миграция населения
ადამიანთა გადაადგილება ამა თუ იმ ტერიტორიის საზღვრებს იქით საცხოვრებელი ადგილის, სამუშაოდ ან მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროის შეცვლის მიზნით. გადაადგილების ხანგრძლივობის მიხედვით გამოყოფენ მუდმივ და დაბრუნებით მიგრაციას. ეს უკანასკნელი შეიცავს დროებით მიგრაციას. მიგრაციის ცნება შეიცავს სეზონურ და ქანქარისებურ მიგრაციას, თუმცა ვიწრო გაგებით მიგრაცია სწორედ მუდმივი მიგრაციაა.

გამოყოფენ გარე და შიდა მიგრაციას. გარე მიგრაცია ცნობილია აგრეთვე საერთაშორისოს სახელით და გულისხმობს სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთას. შიდა მიგრაცია წარმოადგენს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის გადაადგილებას დასახლებულ პუნქტებს შორის. აქ გამოყოფენ მიგრაციას სოფელი – ქალაქი, ქალაქი – ქალაქი, ქალაქი – სოფელი, სოფელი – სოფელი.

მიგრაცია რეალიზაციის საშუალების მიხედვით იყოფა ორგანიზებულ (როდესაც მას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია ახორციელებს) და არაორგანიზებულ (როდესაც ის ინდივიდუალურად წარმოებს) მიგრაციად.

მიგრაციის პროცესი შეიცავს სამ სტადიას: პოტენციურ მიგრაცია, საკუთრივ მიგრაცია და დასახლების ადგილის ცხოვრების პირობებისადმი მიგრანტების ადაპტაციის პროცესს. ცალკეული ადამიანისათვის მიგრაცია ერთეული შემთხვევაა, მაგრამ როგორც მასობრივი პროცესი მიგრაცია შედგება ნაკადებისაგან, რომლებიც გარკვეულ დროსა და ტერიტორიას მიეკუთვნებიან.

მიგრაციის ძირითადი მიზეზები სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისაა, თუმცა არსებითი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ და სამხედრო მიზეზებსაც, აგრეთვე ბუნებრივ პირობებს. მიგრაციამ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი როლი ითამაშა კაცობრიობის განვითარებაში.

მიგრაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურაზე. ასევე დიდია მიგრაციის გავლენა მოსახლეობის სოციალურ და ეთნიკურ სტრუქტურაზე, მოსახლეობის განლაგებასა და განსახლებაზე.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9