მოსახლეობის მოძრაობის ძირითადი პარამეტრებისა და მომავალი დემოგრაფიული ვითარების მეცნიერულად დასაბუთებული განსაზღვრა. დემოგრაფიული პროგნოზისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა: მოსახლეობის რაოდენობის, მოსახლეობის ასაკობრივ- სქესობრივი და ქორწინებითი შემადგენლობის, შობადობის, მოკვდაობის, მიგრაციისა და მოსახლეობის თვისებრივი მახასიათებლების განსაზღვრას. პროგნოზი დემოგრაფიული გამომდინარეობს პერსპექტიული გაანგარიშებებიდან, რომლებიც ეფუძნება დემოგრაფიული პროცესების მოსალოდნელი დინამიკის ზოგიერთ ჰიპოთეზას. ამგვარი გაანგარიშებები, როგორც წესი, კეთდება რამდენიმე ვარიანტად. მათ შორის ყველაზე შესაძლებელი ვარიანტი, რომელსაც პრეტენზია აქვს მოსახლეობის აღწარმოების მომავალი მსვლელობის სიზუსტეზე, ჩვეულებრივ მიიჩნევა დემოგრაფიულ პროგნოზად. დემოგრაფიულ პროგნოზის სანდოობა დამოკიდებულია როგორც ამოსავალი ინფორმაციის სიზუსტეზე, ისევე დემოგრაფიული პროცესების ცვალებადობის შესახებ გამოყენებული ჰიპოთეზების დასაბუთება-მართებულობაზე.
მოსახლეობის მომავალი რაოდენობის განჭვრეტის ცდები ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის პერიოდს განეკუთვნება. დემოგრაფიულ პროგნოზის მეცნიერულად დასაბუთებული პირველი ცდები XVII ს. ბოლოსა და XVIII ს. დასაწყისში გაკეთდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ლეონარდ ეილერის დამსახურება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მოსახლეობის ზრდის მათემატიკური თეორიის შექმნაში.