რა რე რუ
რეა რეე რეი რეპ

რეპროდუქციული განწყობა

E. Reproductive age
Rus. Репродуктивный период
ადამიანის მზადყოფნა ფსიქოფიზიკური აქტივობისათვის, მიმართული „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილებისაკენ. რეპროდუქციული განწყობა წინ უსწრებს რეპროდუქციულ ქცევას, წარმოადგენს გარკვეული სახის მზადყოფნას და განსაზღვრავს რეპროდუქციული ქცევის მიმდინარეობას.

რეპროდუქციული განწყობის აღმოცენების აუცილებელ პირობას წარმოადგენს „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“, შესაბამისი სიტუაციისა და ოპერაციული შესაძლებლობის არსებობა, ურთიერთდამთხვევა და ერთდროული ზემოქმედება. რეპროდუქციული განწყობაში ასახულია ეს ფაქტორები და ამიტომ მის საფუძველზე განხორციელებული ქცევა მიზანშეწონილობით ხასიათდება.

„ბავშვების ყოლის მოთხოვნილება“ მოცემული ლექსიკონის სხვა ნაწილშია განხილული (იხ. “ბავშვების ყოლის მოთხოვნილება”). რაც შეეხება სიტუაციას და ოპერაციულ შესაძლებლობას, არსებული სინამდვილიდან გამომდინარე. რეპროდუქციული განწყობის შემთხვევაში, ისინი საკმაოდ ფართო საზღვრებში ვარირებენ. სიტუაცია ეს ურთიერთობაა მეუღლეებს შორის, სხვადასხვა სახის ყოფითი და ცხოვრებისეული პირობები. ოპერაციული შესაძლებლობა შეიძლება განსაზღვრულ იქნას ასაკით და მისგან გამომდინარე თავისებურებებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ძირითადად ბავშვთა შობის უნარით.

რეპროდუქციული განწყობა (და შესაბამისად რეპროდუქციული ქცევა) შეიძლება იყოს სამი დონის: იმპულსური დონის რეპროდუქციული განწყობა, თეორიული დონის რეპროდუქციული განწყობა და სოციალური დონის რეპროდუქციული განწყობა.

იმპულსური დონის რეპროდუქციული განწყობისას ბავშვთა შობა განისაზღვრება მხოლოდ ნაყოფიერებით. ბავშვთა შობის შემზღუდველი სხვა პირობები პრაქტიკულად არ არსებობს.

თეორიული დონის რეპროდუქციული განწყობა აღმოცენდება მიზანშეწონილი ქცევის ობიექტივაციის მონაწილეობით და მის დროს ადამიანი ორიენტირებულია პრობლემური სიტუაციის მოხსნისა და ბავშვების გარკვეული რაოდენობის ყოლისაკენ.

სოციალური დონის რეპროდუქციული განწყობის ერთ-ერთ მთავარ ნიშანს ნებელობა წარმოადგენს. სოციალური დონის რეპროდუქციული განწყობის საფუძველზე განხორციელებული ქცევა ადამიანის ისეთი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება, რომელიც მას მომავალში შეიძლება გაუჩნდეს. ასეთი ქცევა ზოგჯერ ითვალისწინებს სხვა ადამიანის „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილებას. სოციალური დონის რეპროდუქციული განწყობის ფორმირებაში მონაწილეობას იღებენ სოციალური ფაქტორები. პიროვნებისათვის ბავშვები, მათი ყოლა, ფასეულობას წარმოადგენენ. ბავშვებს გარკვეული ადგილი უჭირავთ ფასეულობათა სისტემაში. პიროვნება ბავშვებთან, როგორც ფასეულობათა სისტემაში არსებულ სოციალურ ობიექტებთან, ცნობიერ დამოკიდებულებაში იმყოფება. მის გამო სოციალური დონის რეპროდუქციული განწყობის ფორმირებაში ადამიანის ცნობიერება მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9