რა რე რუ
რეა რეე რეი რეპ

რეპროდუქციული ქცევა

E. Reproductive behaviour
Rus. Репродуктивное поведение
აქტივობა, რომელიც მიმართულია „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ დასაკმაყოფილებლად. რეპროდუქციული ქცევა განისაზღვრება „ბავშვების ყოლის მოთხოვნილებით“ და იმ სიტუაციით, რომელშიაც შესაძლებელია ამ „მოთხოვნილების“ დაკმაყოფილება. რეპროდუქციული ქცევა წარმოადგენს შესაბამისი რეპროდუქციული განწყობის რეალიზაციას.

რეპროდუქციული ქცევა შეიძლება იყოს სამი ტიპის:

1) მრავალშვილიანობა – იმპულსური დონის, ობიექტივაციის არარსებობის შედეგით, ან 5 და მეტი ბავშვის ყოლის გაცნობიერებული მოთხოვნილებით განპირობებული;

2) საშუალო შვილიანი – 3-4 „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებით“ განპირობებული

3) მცირეშვილიანი – 1-2 „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებით“ განპირობებული.

მრავალშვილიანი რეპროდუქციული ქცევის ტიპი ძირითადად განისაზღვრება ნაყოფიერების თავისებურებებით, ხოლო მცირეშვილიანი – ორსულობის თავიდან არიდებითა და ორსულობის შეწყვეტით.

რეპროდუქციული ქცევა რომელიც „ბავშვების ყოლის მოთხოვნილებას“ ეფუძნება, განიცდის ცხოვრებისეული გარემო პირობების გავლენას. როდესაც ოჯახში ბავშვების რაოდენობა შეესაბამება „ბავშვების ყოლის მოთხოვნილებას“, მაშინ ცხოვრებისეული პირობების ნებისმიერ გაუმჯობესებას არ მოჰყვება ბავშვების ამ რაოდენობის მომატება. მაგრამ, როდესაც ოჯახში ბავშვების რაოდენობა ნაკლებია „ბავშვების ყოლის მოთხოვნილებაზე”, მაშინ ამ მოთხოვნილების რეალიზაციისათვის საჭირო პირობების გაუმჯობესებას მოჰყვება ბავშვის (ბავშვების) ყოლა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ადამიანის მიერ პირობების შეფასების კრიტერიუმი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ერთი და იგივე პირობები სხვადასხვა ადამიანის მიერ შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ხელსაყრელი, ან არახელსაყრელი.

მრავალშვილიანობის რეპროდუქციული ნორმები, რომლებიც ჩვილთა და საერთო მოკვდაობის მაღალი დონის შემთხვევაში იყო გაბატონებული და მათზე შესაბამის რეაქციას წარმოადგენდა, მათი კლების პირობებში აღარ აღმოჩნდა საჭირო. ამას დაემატა ოჯახის ფუნქციების ცვლილება და გარეოჯახური ორიენტაციების გაძლიერება. ყოველივე ამას მოჰყვა მრავალშვილიანობის ნორმების შეცვლა საშუალო შვილიანობისა და შემდეგ მცირეშვილიანობის ნორმებით. ფართოდ გავრცელდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და აბორტი. დაირღვა სქესობრივი და რეპროდუქციული ქცევის შერწყმულობა. მცირეშვილიანი რეპროდუქციული ქცევისთვის დამახასიათებელია დაქორწინების ადრეული ასაკი, „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილება ქორწინების პირველ წლებში, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისა და ხელოვნური აბორტების ინტენსიური გამოყენება.

რეპროდუქციული ქცევის შესწავლა შესაძლებლობას იძლევა გარკვეულ იქნას ობიექტივაციისა და ნებელობის გავლენა რეპროდუქციის პროცესზე, მრავალშვილიანობის აღმოცენებისა და შემდგომში მისი მცირე შვილიანობით შეცვლის პირობები, დღევანდელი მდგომარეობა და მოსალოდნელი ტენდენციები და სხვა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9