| | |
მოსახლეობის აღწერა წარმოებს პერიოდულად, წინასწარ განსაზღვრულ დროს. აღწერის თარიღის დადგენისას წლის ისეთი დრო უნდა შეირჩეს, როცა მოსახლეობის ტერიტორიული გადაადგილება მინიმალურია. წინასწარ შედგენილი პროგრამა ითვალისწინებს აღწერის მომზადებისა და ჩატარების ღონისძიებებს; მუშავდება სააღწერო ფურცელი, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა კითხვა, რომელზეც უნდა უპასუხოს თითოეულმა სრულწლოვანმა პირმა თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე. მცირეწლოვანების შესახებ ცნობებს იძლევიან მათი მშობლები ან ახლობლები. ყველა ცნობა იკრიბება დროის გარკვეული მომენტის, ე.წ. კრიტიკული მომენტის მიხედვით. აღწერა წარმოებს წინასწარ მომზადებული, სპეციალურად გამოყოფილი აღმწერების მიერ. როგორც წესი, მოსახლეობის აღწერას აწარმოებენ ოჯახების შემოვლისა და გამოკითხვის გზით. ზოგჯერ ცნობები მიიღება ფოსტით დაგზავნილი კითხვარების პასუხებით (აშშ – 1970, 1980 წწ) ან სარეგისტრაციო პუნქტში, სადაც მცხოვრებლები უნდა გამოცხადდნენ გარკვეულ დროს (ჩინეთი – I953, 1982) საჭირო ცნობათა წრე განისაზღვრება აღწერის პროგრამით.
აღწერის მომზადება და ჩატარება მოითხოვს კარგ ორგანიზაციას, პუნქტუალობას, სიზუსტეს, რათა შეკრებილი ცნობები მაქსიმალურად ასახავდეს რეალურ სურათს (არ შეიძლება ვინმეს გამოტოვება ან მეორედ აღრიცხვა). აღწერის შედეგები მუშავდება გარკვეული პროგრამის საფუძველზე. წარმოებს აღწერის ფურცლებში შესული ერთგვაროვანი ცნობების კოდირება, რაც აღწერის მასალების დამუშავებისას ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების გამოყენების საშუალებას იძლევა.
მოსახლეობის აღწერას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მოსახლეობის აღწერებს მათი თანამედროვე გაგებით წინ უძღოდა მოსახლეობის აღრიცხვა აზიისა და აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოში ჯერ კიდევ 3 ათას წელს ძვ. წ. ა. არსებობს ცნობები მოსახლეობის აღრიცხვის შესახებ ეგვიპტეში (დაახლოებით 2800-2500 წწ. ძვ.წ.ა.), მესოპოტამიაში, ინდოეთსა და ჩინეთში (2238 წელი ძვ. წ.ა., აგრეთვე იაპონიაში, რომლებიც წარმოებდა სამხედრო და გადასახადების აკრეფის მიზნით. ასევე ცნობილია მოსახლეობის აღრიცხვა ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში (მაგ. 435 წელი ძვ. წ.ა.). ამ უკანასკნელში მითითებული თარიღიდან მოყოლებული რეგულარულად ტარდებოდა ე.წ. ცენზები. მოსახლეობის აღრიცხვები წარმოებდა XI-XVI ს. ახალი წ.ა. ევროპის რიგ ქვეყნებში (ინგლისი – 1086 წ., ნიურნბერგი – 1449 წ., სტრასბურგი – 1473 წ., ციურიხის კანტონები – 1567 წ.) განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი მოსახლეობის შესწავლისადმი XVII ს. მოსახლეობას აღრიცხავდნენ ევროპის რიგ ქვეყნებში (ავსტრია, ბავარია, ჰოლანდია, დანია. ესპანეთი), აგრეთვე იაპონიასა და ამერიკაში. მაგრამ ეს აღრიცხვები არ მოიცავდა მთელ მოსახლეობას, ზოგჯერ რამდენიმე წელს გრძელდებოდა და ამდენად არ იყო სრულფასოვანი.
მოსახლეობის აღწერების დასაწყისს, მათი თანამედროვე გაგებით, უკავშირებენ მოსახლეობის აღწერებს, რომლებიც ჩატარდა აშშ (1790 წ.), შვედეთსა და ფინეთში (1800 წ), ინგლისში, დანიაში, ნორვეგიასა და საფრანგეთში (1801 წ.). საკუთრივ მოსახლეობის აღწერის ისტორიაში შეიძლება გამოიყოს სამი ეტაპი.
პირველ ეტაპზე (XVIII ს. დასასრული – XIX ს. პირველი ნახევარი) საფუძველი ეყრებოდა მოსახლეობის აღწერების ორგანიზაციასა და მათი პროგრამების განსაზღვრას. ამ პერიოდში დაიწყო მოსახლეობის აღწერების რეგულარულად ჩატარება აშშ და ინგლისში (ყოველ 10 წელს), საფრანგეთსა და შვედეთში (ყოველ 5 წ.), ავსტრიაში (ყოველ 3- 4 წელს) და სხვა. მაგრამ ამ დროის მოსახლეობის აღწერები ითვალისწინებდნენ ნიშანთა მცირე რაოდენობას, არ მოიცავდნენ მთელ მოსახლეობას, ხოლო მათი მასალების დამუშავებას მრავალი წელი სჭირდებოდა.
მეორე ეტაპზე (XIX ს. მეორე ნახევარი – XX ს. პირველი ნახევარი) მოსახლეობის აღწერების ჩატარება დაიწყო ევროპისა და ამერიკის ყველა ქვეყანაში და აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ვითარდებოდა მოსახლეობის აღწერის თეორია და პრაქტიკა, ფართოვდებოდა როგორც მოსახლეობის აღწერის პროგრამა, ისევე მასალის დამუშავების პროგრამა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ა. კეტლეს ხელმძღვანელობით ბელგიაში 1846 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერა. ის პირველად იყო ერთდღიანი და აღირიცხა ფაქტობრივი მოსახლეობა.
მესამე, თანამედროვე ეტაპი დაიწყო XX ს. შუა პერიოდიდან. ჩატარებულ იქნა ორი ათასზე მეტი მოსახლეობის აღწერა.
საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერებიდან ცნობილია ჯერ კიდევ 1254 წლის აღწერა, თუმცა XIX საუკუნემდე მათ მოსახლეობის აღრიცხვის ხასიათი ჰქონდათ და ემსახურებოდნენ სამხედრო და გადასახადების აკრეფის მიზანს. XIX ს. დაიწყო კამერალური აღწერები, რომლებიც პერიოდულად ტარდებოდა. მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა საქართველოში 1897 წელს ჩატარდა. საყოველთაო მოსახლეობის აღწერა ჩატარდა აგრეთვე 1926, 1939, 1959, 1970, 1979, 1989 და 2002 წწ-ში.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |