რა რე რუ
რეა რეე რეი რეპ

რეპროდუქციული ქცევის თეორია

E. Theory of Reproductive behaviour
Rus. Теория репродуктивного поведения
თეორია, რომელიც მთლიან წარმოდგენას იძლევა რეპროდუქციული ქცევის კანონზომიერებებზე და მიმართულია მის ახსნა-განმარტებისაკენ. სადღეისოდ, რეპროდუქციული ქცევის მიმდინარეობის ასახსნელად სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ამ მოსაზრებებს შორის რეპროდუქციული ქცევის ახსნის ნაყოფიერ ცდად შეიძლება ჩაითვალოს და ამასთან თეორიისათვის დამახასიათებელი ფორმის მქონეა ა. ანტონოვის მიერ გამოყენებული ვ. იადოვის პიროვნების სოციალური ქცევის დისპოზიციურ რეგულაციაზე დაფუძნებული და გ. წულაძის მიერ წარმოდგენილი დ. უზნაძის თეორიასა და ზოგადად ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განწყობის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებულ შეხედულებათა სისტემა.

ვ. იადოვი დისპოზიციური რეგულაციისათვის იყენებს დ. უზნაძის განწყობის თეორიისათვის დამახასიათებელ ზოგად სქემას იმ განსხვავებით, რომ განწყობის ადგილი დისპოზიციას უკავია. ამის გამო. გ. წულაძის მიერ მოყვანილ რეპროდუქციული ქცევის თეორიასა და ა. ანტონოვის მიერ მოყვანილ რეპროდუქციული ქცევის თეორიის საფუძვლებს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს. გ. წულაძის შემთხვევაში რეპროდუქციული ქცევა შესაბამისი განწყობის რეალიზაციას წარმოადგენს, რომელიც „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“, შესაბამისი სიტუაციისა და ოპერაციული შესაძლებლობების ურთიერთდამთხვევის საფუძველზე აღმოცენდება. ა. ანტონოვის მიხედვით, დისპოზიციის სისტემა ქცევის რეგულაციის ძირითად ფსიქოლოგიურ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც ბავშვების ყოლის მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციით განისაზღვრება.

არის განსხვავებებიც. ა. ანტონოვის მიხედვით, შობადობა ყოველთვის სოციალურად განპირობებული იყო (შორეულ წარსულშიც კი). გ. წულაძის გაგებით, გარკვეულ პერიოდში ბავშვთა შობა თავისუფალი იყო ყოველგვარი სოციალურისაგან და იმპულსურ დონეზე მიმდინარეობდა. ა. ანტონოვი ადამიანის ცნობიერებას ზოგადად ე.წ. „დემოგრაფიულ ცნობიერებას“ უკავშირებს, მაშინ როდესაც გ. წულაძის გაგებით, ადამიანს ცნობიერება სავსებით შეიძლება ჰქონდეს ჩამოყალიბებული, მაგრამ ბავშვთა შობას არაცნობიერად მიმართავდეს. ამასთან, გ. წულაძეს მიაჩნია, რომ „დემოგრაფიული ცნობიერების“ მოქმედების მექანიზმი, რომელიც დემოგრაფიულ პროცესში ცნობიერების მონაწილეობას გულისხმობს, საკმაოდ ბუნდოვანია. მის ნაცვლად ის უფრო მართებულად მიიჩნევს ობიექტივაციისა და ნებელობის ცნებების გამოყენებას.

ორივე თეორიის მიხედვით, შობადობის ცვლილება ძირითადად გამოწვეულია „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ ცვალებადობით.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9