| | |
1) საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების გარკვეულ საფეხურზე კანონით ან ჩვეულებით ნებადართული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც აწესრიგებს მათ ურთიერთობას, შვილებისადმი დამოკიდებულებას და განსაზღვრავს თითოეული მათგანის ადგილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქორწინების წარმოშობა-განვითარების შესახებ მრავალი შეხედულება არსებობს. შუა და ზედა პალეოლითის ხანაში, გვაროვნული წყობილების ჩამოყალიბების საფეხურზე, წარმოიქმნა ეგზოგამია და ჯგუფური ქორწინება. გვაროვნულ წყობილებაში შეიქმნა წყვილადი ქორწინება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საქორწინო ურთიერთობის ამ საფეხურზე ცოლი და ქმარი საცხოვრებლად რჩებოდნენ თავ-თავიანთ გვარში. უფრო მოგვიანებით ქმარი დასახლდა ცოლის გვარში, ხოლო შემდეგ ცოლი გადავიდა ქმრის გვარში. მეუღლეთა პირადი ქონება გაუყოფელი იყო, ხოლო ქორწინება – არამყარი. წყვილადი ქორწინების ყველა აღნიშნული ფორმა ინარჩუნებდა ჯგუფური ქორწინების გადმონაშთებს. გვაროვნული წყობილების დაშლის ხანაში მომზადდა ნიადაგი კლასობრივი საზოგადოებისათვის, არსებითად შეიცვალა ქორწინების ბუნებაც. გვარის დაშლის საფუძველზე შეიქმნა დიდი პატრიარქალური ოჯახი ანუ საოჯახო თემი და მონოგამიური.
ქორწინების ყველაზე მყარი ფორმაა ცოლ-ქმრული წყვილისა და მათი შთამომავლობის მტკიცე კავშირი მამაკაცის ხაზით. მონოგამიურმა ქორწინებამ დასრულებული სახე მიიღო ინდივიდუალური ანუ პატარა ოჯახის ჩამოყალიბების დროიდან, რაც პირველყოფილ-თემური წყობილების დაშლისა და კერძო მესაკუთრეობის განვითარების პირობებში მოხდა. კლასობრივ საზოგადოებაში მონოგამიურმა ქორწინებამ შეითვისა ამა თუ იმ ფორმაციისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები, რომელთაგან არსებითია ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ქორწინება ოჯახთან ერთად წარმოადგენს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ დემოგრაფიულ პროცესებს, განსაკუთრებით – შობადობას.
2) ქორწინებით შეუღლებული წყვილების წარმოქმნის პროცესი. აღნიშნავს აგრეთვე თაობის ან მოსახლეობის ქორწინებაში ყოფნას. მოიცავს როგორც პირველ, ისევე ხელახალ ქორწინებას. დაქვრივებასა და განქორწინებასთან ერთად, ქორწინება განსაზღვრავს მოსახლეობის ქორწინებითი სტრუქტურის აღწარმოებას. დამოკიდებულია „საქორწინო ბაზარზე“ არსებულ ვითარებაზე, საქორწინო წრის ფორმირებაზე, საქორწინო არჩევანზე და სხვა. ქორწინება წარმოადგენს სოციალურ-დემოგრაფიულ პროცესს, რომელიც განპირობებულია და რეგულირდება სოციალურ-კულტურული ნორმებით, აქვს იურიდიული, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ასპექტები, რომელთაც შეისწავლის მრავალი საზოგადოებრივი მეცნიერება. ქორწინების დემოგრაფიულ მნიშვნელობას წარმოადგენს მისი მჭიდრო კავშირი მოსახლეობის აღწარმოებასთან. ქორწინება – შობადობის, ოჯახის ფორმირებისა და მოსახლეობის ოჯახური სტრუქტურის ცვალებადობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. დემოგრაფიაში ქორწინება ძირითადად შეისწავლება ფერტილური ასაკის ფარგლებში.
ქორწინებისა და მისი ინტენსივობის დახასიათებისათვის დემოგრაფიაში გამოიყენება სხვადასხვა სახის კოეფიციენტები და ინდექსები.
ქორწინების შესწავლა ჯერ კიდევ XVIII ს. დაიწყო. თუმცა ვითარდებოდა ნელა. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში შემუშავებულ იქნა ქორწინების გაზომვის ძირითადი მეთოდოლოგიური ხერხები. ქორწინების ფართო და გაღრმავებული დემოგრაფიული კვლევა XX ს. შუა პერიოდიდან იწყება.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |