ადამიანების, ოჯახების მახასიათებელი ნიშნების ნუსხა ან ცნობები მათ შესახებ, რომლებიც გროვდება მოსახლეობის აღწერისას.
მოსახლეობის აღწერის პროგრამის შესაბამისად აღწერის ფურცელში და სხვა სტატისტიკურ ფორმულარებში შეიტანება კითხვები, რომლებიც ასახავენ:
1) სამისამართო ცნობებს;
2) მოსახლეობის კატეგორიას;
3) დემოგრაფიულ ნიშნებს (სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა);
4) მოქალაქეობას, ეროვნებას, სარწმუნოებას;
5) მოსახლეობის განათლების დონეს;
6) სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებს (დასაქმება, სამუშაო ადგილი, არსებობის საშუალებათა წყაროები, საზოგადოებრივი ჯგუფი და სხვ.);
7) ქორწინებასა და შობადობას;
8) მიგრაციას (დაბადების ადგილი, ბინადრობის ადგილი გარკვეული დროის უკან და სხვ.) და სხვა.
თანამედროვე მოსახლეობის აღწერის პროგრამები ფართოვდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების, შემადგენლობის, შობადობის, მიგრაციისა და მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზირების შესწავლისა და დადგენის მიზნით. მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფისათვის, სხვებთან შედარებით, მოსახლეობის აღწერის პროგრამა უფრო ვრცელია. მაგ., ქორწინებაში მყოფებს ეკითხებიან ქორწინების რიგითობას და დაქორწინების თარიღს: ქალებს – დაბადებული ბავშვების რაოდენობის შესახებ და სხვა. მოსახლეობის აღწერის პროგრამა დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ვითარებაზე. ქვეყნებში სადაც ადგილი აქვს ინტენსიურ მიგრაციულ პროცესებს უფრო დაწვრილებით შეისწავლება მიგრაცია. ქვეყნებში, სადაც მაღალია ან დაბალი მოსახლეობის მატების ტემპი მეტ ყურადღებას უთმობენ შობადობას. იმ ქვეყნებში, სადაც სათანადო დონეზე არ იმყოფება დემოგრაფიული შემთხვევების მიმდინარე აღრიცხვა (ძირითადად განვითარებადი ქვეყნები) მოსახლეობის აღწერის პროგრამაში აქცენტი ამ უკანასკნელზეა გადატანილი.