სა სე სი სო სრ სტ სუ სქ
საა საბ საგ საე საზ საი სამ სან საო სარ სას საქ საც სახ

საოჯახო პოლიტიკა

E. Family policy
Rus. Семейная политика
სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, მიმართული ოჯახის როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის განმტკიცების, კეთილდღეობისა და განვითარებისაკენ. საოჯახო პოლიტიკა უზრუნველყოფს ოჯახის სოციუმში ფუნქციონირების ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მისი (ოჯახის) მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

საოჯახო პოლიტიკა ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური, ინფორმაციული, პროპაგანდისტული და ორგანიზაციული რიგის მთლიანი სისტემაა, რომელსაც თავისი იდეოლოგია, მმართველობის სტრუქტურები, ძირითადი ფორმები, რეალიზაციის მექანიზმები, კანონმდებლობითი, საკადრო, სამეცნიერო ღა საინფორმაციო საფუძვლები აქვს.

ტერმინი საოჯახო პოლიტიკა სამეცნიერო ლიტერატურაში 1980-იანი წლების ბოლოდან გამოიყენება.

დღესდღეობით საოჯახო პოლიტიკის როგორც ცნების ზუსტი და საზოგადოდ მიღებული განსაზღვრება არ არსებობს, რის გამოც სპეციალისტთა ნაწილი მას სოციალურ დაცვასთან აიგივებს, ფაქტობრივად დაჰყავთ რა იგი სხვადასხვა დახმარებამდე, კომპენსაციამდე და შეღავათამდე. სხვა მოსაზრების საფუძველზე, საოჯახო პოლიტიკა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გაიგივებულ იქნას არც სოციალურ და არც ეკონომიკურ პოლიტიკასთან. რიგი მეცნიერის აზრით, კი საოჯახო პოლიტიკა დემოგრაფიული პოლიტიკის შემადგენლობაში უნდა იქნას ჩართული (რაც ავიწროებს საოჯახო პოლიტიკის მნიშვნელობას ოჯახის მიმართ და იგი პრაქტიკულად რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედებამდე დაჰყავს).

საოჯახო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიზანია ოჯახის მიერ ეკონომიკური, რეპროდუქციული, სექსუალური, აღმზრდელობითი, ფსიქოლოგიური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციების შესრულების აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.

ზოგადად საოჯახო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს წარმოადგენენ: ოჯახის სუვერენობის, არჩევანის თავისუფლების, საკუთარ ძალებზე დაყრდნობის, სოციალური დაცულობის, სახელმწიფო და რეგიონული პოლიტიკის ერთიანობის პრინციპი.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9