და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული ისტორია

E. Demographic history
Rus. Демографическая история
კაცობრიობის ისტორიული განვითარების პროცესის ორგანული ნაწილი, რომელიც ასახავს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკასა და მოსახლეობის აღწარმოების ცვალებადობას. დემოგრაფიული ისტორია წარმოადგენს ისტორიული დემოგრაფიის შესწავლის საგანს.

თანამედროვე ადამიანის (Home sapiens) დემოგრაფიული ისტორიის საწყისი პერიოდი ჩამოყალიბდა დაახლოებით 50 ათასი წლის წინ. მიჩნეულია, რომ მეზოლითის დასაწყისში (დაახლოებით 15 ათასი წლის წინ) პირველყოფილი ადამიანები განსახლდნენ ყველა მატერიკზე და იმ დროისათვის შეადგენდნენ რამდენიმე მილიონს. ნეოლითის დასაწყისისათვის (7 ათასი წელი ჩვენს ერამდე) მათმა რაოდენობამ დაახლოებით 10 მილიონი შეადგინა. მოსახლეობის მატების ტემპი ძალიან დაბალი იყო და შეადგენდა დაახლოებით 10-20% ათასწლეულის მანძილზე. ასეთი მდგომარეობა განპირობებული იყო ძალიან მაღალი მოკვდაობით – 50- და მეტი მოსახლეობის 1000 სულზე. განსაკუთრებით მაღალი იყო ჩვილთა მოკვდაობა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20 წელს არ აღემატებოდა. ამოწყდომისაგან ადამიანებს ძალიან მაღალი შობადობა იცავდა, რომელიც მხოლოდ უმნიშვნელოდ ჭარბობდა იმ დროის მოკვდაობას. ნეოლითის ხანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ რევოლუციას მოჰყვა მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლა (ძირითადად VI-III ათასწლეული ძვ.წ.; ახლო აღმოსავლეთში – ძვ. წ. VIII-VII ათასწლეული), საფუძველი შეექმნა მყარად ბინადარ ცხოვრებას, ჩნდება მძლავრი დასახლებები. წინა პერიოდთან შედარებით რამდენადმე შემცირდა მოკვდაობა, თუმცა ის საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30 წელს. ძვ.წ. მეხუთე ათასწლეულისათვის მოსახლეობის რაოდენობამ მსოფლიოში შეადგინა დაახლოებით 30 მილიონი.

წინანდელთან შედარებით არსებული პირობების გაუმჯობესებას მოჰყვა მოსახლეობის მატების რამდენადმე დაჩქარება და უკვე ახალი წლის დასაწყისისათვის მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობამ მიაღწია დაახლოებით 230 მილიონს. უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების ჩათვლით მოსახლეობის მატების ტემპი მაინც დაბალი იყო, მოკვდაობა და შობადობა მაღალ დონეზე რჩებოდა და სხვაობა მათ შორის მნიშვნელოვანი არ იყო. ამის გამო მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა ნელა მატულობდა. ათასი წლის მანძილზე მან ასი მილიონითაც კი არ მოიმატა და შეადგინა დაახლოებით 305 მილიონი 1000 წ. მართალია, ნელი ტემპებით, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობა განაგრძობს მატებას და 1500 წლისათვის შეადგენს დაახლოებით 440 მილიონს, ხოლო 1650 წ. – 550 მილიონს.

XVII ს. მრეწველობის განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ მეცნიერულ-ტექნიკურ და კულტურულ პროგრესს მოჰყვა მედიცინის განვითარება და ახალი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ჩამოყალიბება, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ვითარდებოდა. ამის შედეგად შესამჩნევი კლება იწყო მოკვდაობამ: 1500-დან 1800 წლამდე 35-40-დან 30-35-მდე მოსახლეობის 1000 სულზე; 1800-დან 1900 წლამდე – 20-25-მდე და 1900-დან XX ს. შუა პერიოდისათვის – 10-15-მდე მოსახლეობის 1000 სულზე. იზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომელმაც განვითარებულ ქვეყნებში მიაღწია XIX ს. შუა პერიოდისათვის 40 წელს, ხოლო 1905 წ. 45-55 წელს.

XX საუკუნემდე ოჯახის დაგეგმვა არ იყო ფართოდ გავრცელებული, რის შედეგადაც, მართალია, შობადობა მცირდებოდა, მაგრამ მისი დონე მაინც მაღალი იყო. მაგ., XIX ს. ბოლოს ის საშუალოდ შეადგენდა 40-ს მოსახლეობის 1000 სულზე და შემცირდა 35-მდე მხოლოდ XX ს. დასაწყისისათვის.

შობადობის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და ამავე დროს მოკვდაობის შემცირებას მოჰყვა მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა. მოსახლეობის რაოდენობამ მსოფლიოში 1800 წლისათვის შეადგინა დაახლოებით 950 მილიონი, 1900 წელს – 1650 მილიონი, ხოლო 1950 წ. – 2508 მილიონი. 1988 წლის მონაცემებით, 1950 წ. შედარებით, ის გაორკეცდა და შეადგინა 5112,3 მილიონი. 2003 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობამ გადააჭარბა 6 მილიარდს (6,314 მილიონი), ხოლო პროგნოზით 2050 წლისათვის 9 მილიარდს მიაღწევს და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9