| | |
ვინაიდან ზოგადი კოეფიციენტების სიდიდეზე გავლენას ახდენს მოსახლეობის ასაკობრივი, სქესობრივი, ქორწინებითი და სხვა შემადგენლობის თავისებურებები, ამიტომ ზოგადი კოეფიციენტების შედარებამ შესადარისი მოსახლეობისათვის ან მოსახლეობის ჯგუფებისათვის ამა თუ იმ დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობაზე შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნას. ასეთი მდგომარეობის აცილების მიზნით, ზოგად კოეფიციენტებს ადარებენ ერთმანეთს არა უშუალოდ, არამედ წინასწარი სტანდარტიზაციის შემდეგ. ამასთან, რომელიმე პროცესის ინტენსივობის მაჩვენებელი ან მოსახლეობის სტრუქტურა მიიჩნევა სტანდარტად და ყოველი შესადარისი მოსახლეობისათვის გამოითვლება კოეფიციენტი (ინდექსი), რომელიც უჩვენებს განსახილველი პროცესის ინტენსივობის თანაფარდობას მოცემულ და სტანდარტულ მოსახლეობაში. ინდექსის გამრავლებით ზოგად კოეფიციენტებზე მიიღება სტანდარტიზებული კოეფიციენტები შესადარისი მოსახლეობისათვის, რომელშიც მათი სტრუქტურის ინდივიდუალური თავისებურებები თავიდან არის აცილებული.
არსებობს დემოგრაფიული კოეფიციენტების სტანდარტიზაციის რამდენიმე მეთოდი: პირდაპირი, ირიბი, ორმაგი და შექცეული.
დემოგრაფიული კოეფიციენტების სტანდარტიზაციის მეთოდი წარმოიშვა და ფართო გამოყენება ჰპოვა მოკვდაობის შესწავლის სფეროში. პირველად ის XIX ს. შუა პერიოდში გამოიყენა ინგლისელმა სტატისტიკოსმა უილიამ ფარმა. სადღეისოდ დემოგრაფიული კოეფიციენტების სტანდარტიზაციის მეთოდი, მოკვდაობასთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც გამოიყენება შობადობის, ქორწინებისა და სხვა პროცესების ანალიზის დროს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |