ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც მოსახლეობის აღწარმოებისათვის აქვს მნიშვნელობა.
დემოგრაფიული ანალიზისას ადამიანის სიცოცხლე განიხილება როგორც ერთი დემოგრაფიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, დაწყებული დაბადებიდან და სიკვდილით დამთავრებული. მოსახლეობის აღწარმოებისათვის არსებითია მდგომარეობა ქორწინებამდე, ქორწინებაში, განქორწინება ან დაქვრივება, ამა თუ იმ შემადგენლობის ოჯახში ყოფნა და სხვა. ერთი დემოგრაფიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა დემოგრაფიული შემთხვევების შედეგად წარმოებს. მაგ., დაქორწინება ცვლის ქორწინებით მდგომარეობას. ერთიდან სხვა დემოგრაფიული მდგომარეობაში გადასვლის ალბათობა განსხვავდება ამა თუ იმ მდგომარეობისათვის და დამოკიდებულია მდგომარეობის ხანგრძლივობაზე. მაგ., ბავშვის დაბადება ქორწინებაში შესაძლებელია მხოლოდ ქორწინებაში მყოფებისათვის და ამ შემთხვევის ალბათობა ქორწინების პირველ წლებში უფრო მეტია, ვიდრე მომდევნო წლებში. ამიტომ ასეთ გადასვლათა სიხშირე ან მათი განმაპირობებელი შემთხვევების რაოდენობა ჩვეულებრივ განიხილება როგორც დროის ფუნქცია და მოცემულ დემოგრაფიული მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა. ერთიდან სხვა დემოგრაფიული მდგომარეობაში გადასვლათა ერთობლიობა საკუთრივ მოსახლეობის აღწარმოების პროცესს წარმოადგენს.