და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული ქცევა

E. Demographic behaviour
Rus. Поведение демографическое
მოქმედებათა ურთიერთდაკავშირებული სისტემა, მიმართული ადამიანის დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის ან შენარჩუნებისათვის. დემოგრაფიული ქცევის სუბიექტად უფრო ხშირად მიჩნეულია ცალკეული ადამიანი ან ოჯახი, უფრო იშვიათად ერი, ქვეყნის ან რომელიმე რეგიონის მოსახლეობა. დემოგრაფიული ქცევა წარმოადგენს ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების, მისი ცხოვრებისეული პირობების და მოთხოვნილებების, არსებული სოციალური ნორმებისა და ფასეულობების ურთიერთქმედების შედეგს.

დემოგრაფიულ ქცევაში გამოყოფენ მის ისეთ სახეობებს, როგორიცაა: რეპროდუქციული ქცევა, ქორწინებითი ქცევა, თვითშენახვითი ქცევა და მიგრაციული ქცევა. ზოგიერთი ავტორი მიგრაციული ქცევის სახეობის შეტანას დემოგრაფიულ ქცევაში არამართებულად მიიჩნევს და მას ცალკე განიხილავს.

დემოგრაფიული ქცევა ძირითადად სოციოლოგიური (სოციალური) დემოგრაფიის შესწავლის საგანია. დემოგრაფიული ქცევის შესწავლისას გამოიყენება დემოგრაფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, ეთნოგრაფიის და სხვა მეცნიერებათა მიღწევები.

დემოგრაფიული ქცევის შესწავლის გარეშე შეუძლებელია (ან ძალიან რთულია) დემოგრაფიული პროცესების განმაპირობებელი მექანიზმებისა და დემოგრაფიული პროცესების ცვალებადობის მიზეზთა გარკვევა – ახსნა და სრულყოფილი პროგნოზირება. დემოგრაფიული ქცევის კვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოგრაფიული პოლიტიკის ღონისძიებათა განსაზღვრისათვის.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9