| | |
დემოგრაფიული შემთხვევა აღნიშნავს ადამიანის ამა თუ იმ მოსახლეობის ჯგუფში შესვლას ან გასვლას. ზოგი დემოგრაფიული შემთხვევა ზრდის მოსახლეობის ან ოჯახთა რაოდენობას (დაბადება, ქორწინებაში შესვლა), ზოგიერთი – ამცირებს მათ (სიკვდილი, ქორწინების შეწყვეტა), ხოლო ზოგიერთი დემოგრაფიული შემთხვევა იწვევს მოსახლეობის ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლას (დაბალი ასაკობრივი ჯგუფიდან მაღალში გადასვლა) და ცვლის მხოლოდ მოსახლეობის შემადგენლობას.
მოუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიული შემთხვევა ხდება ცალკეული ადამიანისათვის, დემოგრაფიაში ისინი განიხილება როგორც დროის გარკვეულ მანძილზე მომხდარი შემთხვევათა ერთობლიობა მთელ მოსახლეობაში, ან მის ცალკეულ ჯგუფებში. ერთგვაროვანი დემოგრაფიული შემთხვევათა თანმიმდევრობა წარმოქმნის დემოგრაფიულ პროცესს.
დემოგრაფიული შემთხვევები იყოფა განუმეორებად და განმეორებად შემთხვევებად. განუმეორებადი დემოგრაფიული შემთხვევა შეიძლება ერთი და იგივე ადამიანს მოუვიდეს მხოლოდ ერთხელ (სიკვდილი), განმეორებადი დემოგრაფიული შემთხვევა ერთი და იგივე ადამიანს სიცოცხლის მანძილზე შეიძლება რამდენჯერმე მოუვიდეს (ბავშვის დაბადება). ზოგჯერ განმეორებადი შემთხვევებისათვის იხმარება რიგითობა (მეორე ბავშვის გაჩენა). თუ მითითებულია შემთხვევის რიგითობა, მაშინ ის განუმეორებადი ხდება.
დემოგრაფიაში დემოგრაფიული შემთხვევა განიხილება როგორც შემთხვევითი, თანაბრად შესაძლებელი ყველა ადამიანისათვის, რომელიც მოცემულ მდგომარეობაში იმყოფება. მიჩნეულია, რომ დემოგრაფიული შემთხვევა გარკვეული ალბათობით ხდება, რომელიც დროზე ან მოცემულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |