დაბადების, სიკვდილის, ქორწინებისა და განქორწინების შესახებ ცნობათა შეგროვება ამ შემთხვევების წარმოქმნასთან დაკავშირებით. შემთხვევის ფაქტის დაფიქსირების გარდა, მისი რეგისტრაციისას ითვალისწინებენ თვით შემთხვევისა და ადამიანთა იმ ნიშნებს, რომლებიც მის ცხოვრებაში მოხდა. რეგისტრაციისას დაფიქსირებულ ნიშანთა ნუსხა განეკუთვნება დემოგრაფიული შემთხვევების მიმდინარე აღრიცხვის პროგრამას.
დემოგრაფიული შემთხვევების მიმდინარე აღრიცხვის მიზანია მონაცემთა მიღება მოსახლეობის რაოდენობის, მისი შემადგენლობისა და დემოგრაფიული პროცესების მახასიათებლების შესახებ. ყოველ დემოგრაფიულ შემთხვევას სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ დემოგრაფიული შემთხვევების მიმდინარე აღრიცხვის სპეციფიკა ისაა, რომ დემოგრაფიული შემთხვევების დაკვირვება მათი იურიდიული გაფორმებისას ხდება. დემოგრაფიული შემთხვევების მიმდინარე აღრიცხვის სისრულე დამოკიდებულია შემთხვევის ფაქტის იურიდიულ აღიარებაზე. მაგ., იქ, სადაც მრავალცოლიანობა აკრძალულია კანონით, მაგრამ მაინც არსებობს ტრადიციებიდან გამომდინარე, ქორწინება მეორე ცოლთან არ იქნება აღრიცხული. დემოგრაფიული შემთხვევების მიმდინარე აღრიცხვის სისრულე ასევე ბევრადაა დამოკიდებული მიმდინარე რეგისტრაციის სისტემის მოწესრიგებაზე.
დაბადებულთა და გარდაცვლილთა სიებს ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში ადგენდნენ. XX ს. შუა პერიოდიდან უმრავლეს განვითარებულ ქვეყანაში დემოგრაფიული შემთხვევების მიმდინარე აღრიცხვა არსებობს დემოგრაფიული შემთხვევის აუცილებელი რეგისტრაციის სახით და ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო ორგანოების ან ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ.