დროის ერთეულში ადამიანთა ერთობლიობის რაოდენობის ცვალებადობის ზომა, რომელიც სხვადასხვა სახის დემოგრაფიული შემთხვევების გავლენით კოჰორტას წარმოქმნის.
დემოგრაფიული ანალიზისას დემოგრაფიული შემთხვევების ალბათობა გამოიხატება გარკვეული დროის განმავლობაში მომხდარი დემოგრაფიული შემთხვევის მქონე ადამიანების რაოდენობის შეფარდებით იმ ადამიანთა რაოდენობასთან, რომლებისთვისაც ეს შემთხვევა შეიძლება მომხდარიყო. მაგ., პირმშოს დაბადების ალბათობა არის წლის განმავლობაში დაბადებული პირმშოების რაოდენობის შეფარდება წლის დასაწყისში არსებული ქალების იმ რაოდენობასთან, რომლებსაც ჯერ არ გაუჩენიათ არც ერთი ბავშვი. დემოგრაფიული შემთხვევების ალბათობა წარმოადგენს ფარდობით სიდიდეს, რომელიც ახასიათებს მოცემული დემოგრაფიული შემთხვევის შესაძლებლობას ერთი ადამიანისათვის, იმ პირობით, რომ ყველა ადამიანისათვის, მოცემული კოჰორტიდან, თანაბრად არის შესაძლებელი ეს შემთხვევა და გამოითვლება კოჰორტის რიცხოვნობის მიმართ განსახილველი დროის შუალედის დასაწყისისათვის. რაც უფრო მეტია დროის შუალედი, მით უფრო მეტი შემთხვევა შეიძლება მოხდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება არ არსებობს, ვინაიდან მოცემული შემთხვევის გავლენით იცვლება კოჰორტის საწყისი რაოდენობა.